weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველ ძიუდოისტთა ტრიუმფი რუმინეთში

10:19 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართული ევროპის თასი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ოთხივე მათგანში ჩემპიონობა ქართველებმა იზეიმეს.

ცხადია, ყველაზე დიდ ინტერესს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გურამ თუშიშვილის (+100 კ.) ასპარეზობა იწვევდა, რომელიც ტატამს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ისე ავიდა, ხეირიანად ოფლიც არ მოუდენია. საჩემპიონო გზაზე მან 3 მეტოქის ძლევას ჯამში სამიოდ წუთი მოანდომა - ჯერ რუმინელი ბოტონდ კონჩი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი - უკრაინელი ფედორ პანკო და მირჩეა კროიტორუ.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ვლადიმერ ახალკაცმა, რომელსაც ერთბაშად 6 ორთაბრძოლის ჩატარება მოუხდა და ყველა მათგანში ასევე იპონით იმარჯვა: ქართველმა ძიუდოკამ უნგრელ ფერენც ტოტს, კვიპროსელ ფედიას კონარისს, უკრაინელ ბოგდან ზუსკოს, შვეიცარიელ ლუკას ვიტვერს, პორტუგალიელ მიგელ ალვეშსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტიუარტ მაკვოტს აჯობა.

90 კგ-ში საქართველოს ღირსებას 2 ძიუდოისტი იცავდა და უმედლოდ არცერთი დარჩენილა: ლაშა ბექაური ოქროს დაეუფლა, იმედა გოგოლაძე კი – ბრინჯაოს.

ბექაურმა იტალიელ მატეო მარკონჩინის, უკრაინელ ვიკტორ მაკუხასა და ბრიტანელ მაქს სტიუარტს იპონებით სძლია, ფინალში კი ბელგიელ იოახიმ ბოტიეს ვაზარი აკმარა.

გოგოლაძემ ესპანელი მარკ ბრაუ საბატერი და ავსტრიელი სებასტიან შნეიდერი დააიპონა, მეოთხედფინალში კი ხსენებულ ბოტიესთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟში მიროსლავ ბლაგუსიაკს იპონით სძლია და შემდეგ ასევე მოუგო ზემოაღნიშნულ სტიუარტს.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩინებულად იასპარეზა ონისე სანებლიძემ, რომელმაც ოთხივე მეტოქეს იპონებით აჯობა და ჯამში მათ 5 წუთიც არ დაახარჯა. სანებლიძემ საჩემპიონო გზაზე რუმინელი იონუც ვასიანი, ჰოლანდიელი ფერდინანდ ანსა და უნგრელები – ზალან ოჰატი და მიკლოშ სირენიჩი გაიარა.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იტალიას (4 ოქრო, 3 ვერცხლი) ჩამორჩა, ვაჟებში კი ჩვენებს ბადალი არ ჰყოლიათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]