weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი II

14:18 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

შუა ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაში გრანდი კლუბები უფრო აქტიურად ჩაერთვნენ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“, მადრიდის „რეალმა“ თუ „მილანმა“ ფეხბურთელთა შესაძენად თანხები არ დაზოგეს.

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი I

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული საფეხბურთო თემა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ უეინ რუნის „ევერტონში“ დაბრუნება იყო, რომელიც ერთგვარ ბარტერად იქცა - „იუნაიტედმა“ საპასუხოდ ლივერპულის „ევერტონიდან“ ბელგიელი ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მერსისაიდულმა კლუბმა ასევე დათმო „ბარსელონას“ აღზრდილი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც კატალონიურმა გრანდმა კონტრაქტის თანახმად 12 მილიონი ევროს საფასურად გამოისყიდა, თავად „ევერტონმა“ კი „მალაგადან“ სანდრო რამირესი გადაიბირა, რომელიც ასევე „ბარსას“ აღზრდილია.

უკანასკნელი სეზონის ტრიუმფატორი „რეალი“ პორტუგალიელ მცველებს შეელია: ვეტერანი პეპე თავისუფალი აგენტის სტატუსით სტამბოლის „ბეშიქთაშს“ შეუერთდა, ფაბიო კოენტრაო კი არენდის წესით ლისაბონის „სპორტინგში“ აღმოჩნდა, სადაც ასევე ითამაშებს „ბარსელონადან“ გაშვებული ჟერემი მატიე. სამაგიეროდ „სამეფო კლუბმა“ ბასკური „ალავესიდან“ პერსპექტიული ფრანგი მარცხენაფლანგელის, ტეო ერნანდესის ტრანსფერში 30 მილიონი ევრო დახარჯა და წერტილი დაუსვა ხამეს როდრიგესზე შექმნილ ხანგრძლივ სატრანსფერო მითქმა-მოთქმას: 25 წლის კოლუმბიელი შემტევი ორწლიანი განათხოვრების წესით „ბაიერნში“ იასპარეზებს, „რეალს“ კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. მიუნხენურმა გრანდმა თავის მხრივ დუგლას კოსტა ერთწლიანი იჯარით გაასხვისა „იუვენტუსში“, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული დანი ალვესი „პარი სენ-ჟერმენმა“ აიყვანა. პარიზულმა კლუბმა კი საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი ჟან-კევინ ოგიუსტენი გაყიდა „ლაიპციგში“ - 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო კონტრაქტი ხუთწლიანია.

ახალ ფეხბურთელთა შეძენაში თანხების ხარჯვას აგრძელებს „მილანი“, რომელმაც ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ახალგაზრდა თურქი შუახაზელი ჰაქან ჩალჰანოღლუ 20 მილიონ ევროდ იყიდა, „ატალანტადან“ შეიძინა 25 წლის მარჯვენა მცველი ანდრეა კონტი და „სანდერლენდიდან“ იჯარით ინათხოვრა ფაბიო ბორინი, სლოვაკი იურაი კუცკა კი 6 მილიონ ევროდ „ტრაბზონსპორში“ გაუშვა. აქტიურობით გამოირჩევა „რომაც“, რომელმაც გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რიუდიგერი „ჩელსიში“ 34 მილიონ ფუნტად გაყიდა, თავად კი ლიონის „ოლიმპიკიდან“ 28 წლის ნახევარცმველი მაქსიმ გონალონი 5 მილიონ ევროდ, ხოლო „ფეიენოორდიდან“ ჰოლანდიის ნაკრების მცველი რიკ კარსდორპი 14 მილიონ ევროდ იყიდა. ჰოლანდიის მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა ასევე გაუშვა ეროვნული ნაკრების 23 წლის წევრი ტერენს კონგოლო, რომელიც „მონაკოში“ 2023 წლამდე ითამაშებს.

ლიონის „ოლიმპიკი“ დატოვა ბოლო წლებში გუნდის მთავარმა ბომბარდირმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომლის ტრანსფერიც ლონდონის „არსენალს“ 53 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი ლუის გუსტავო კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს, მის სანაცვლოდ კი „ვოლფსბურგმა“ 8 მილიონი ევრო მიიღო.

მილანის „ინტერში“ გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ „სევილიაში“ დაბრუნდა არგენტინელი შემტევი შუახაზელი ევერ ბანეგა.

„მანჩესტერ სიტიდან“ სტამბოლის „ბაშაქშეჰირში“ გადავიდა ფრანგი მარცხენა მცველი გაელ კლიში.

ვეტერანი ვარსკვლავები, ჯონ ტერი, ლუკას პოდოლსკი და ანტონიო კასანო კი შესაბამისად, „ასტონ ვილას“, „ვისელ კობესა“ და „ჰელას ვერონას“ ღირსებას დაიცავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]