weather cur horoscope tv
თებერვალი 21, 2020

19 წლის ლაშა ბექაური ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე დაწინაურდა

14:21 ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019 hits 2402

14 დეკემბერს ჩინეთის მასტერსის ფინალში გამარჯვების შემდეგ, 19 წლის ქართველი სპორტსმენი ლაშა ბექაური მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში 25 ადგილით დაწინაურდა. ახლა ბექაურს 3362 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

ჩინეთში გამართულ მასტერსზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურის მეტოქე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს. ლაშამ ნიკოლოზი იპონით დაამარცხა.

„ძალიან რთული 5 შეხვედრა მქონდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან. ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი საქართველოსთვის და გავხდი ჩემპიონი“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგები ცინდაოს მასტერსის დასრულების შემდეგ განაახლა.

66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის გამო, ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და ახლა 4250 ქულით მე-4 ადგილს იკავებს - ამ წონის ლიდერი ჯოშირო მარუიამაა, რომელსაც 6045 ქულა აქვს.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. მას 3851 ქულა აქვს და ბექაურს მხოლოდ ორი პოზიციით უსწრებს.

ვარლამ ლიპარტელიანმა 100-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ლიდერობა დაკარგა და მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ლიპარტელიანს 5751 ქულა აქვს. ამ წონის ლიდერი ჰოლანდიელი კორელი გახდა, რომელმაც ვარლამს ნახევარფინალში სძლია.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]