weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მორაგბის დაჭრისთვის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

15:53 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძეიების სახით პატიმრობა შეუფარდა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას. მას ბორაგბე რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება ედება.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. პროკურორის განცხადებით, გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა დაკავებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მან 20 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა. მერაბ ბესელიამ, რომელიც პროცესზე დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა, რომ მორაგბის დაჭრის განზრახვა არ ჰქონია. მისივე თქმით, ნასვამ მდგომარეობაში იყო და იატაკისკენ ისროლა.

16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში, „იუნკერების“ კაპიტანი და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრი რამაზ ხარაზიშვილი ფეხში დაჭრეს. იმავე დღეს პოლიციამ 51 წლის მერაბ ბესელია დააკავა. 18 სექტემბერს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მივდიოდი სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კლუბები იკრიბებოდნენ. კავშირის შესასვლელთან მთვრალი ვიცე-პრეზიდენტი დამხვდა, რომელიც გამგეობის თავმჯდომარეს ესაუბრებოდა.

დამიძახა, სხვადასხვა კითხვა დამისვა, რომელიც ეხებოდა მის პრეზიდენტად გახდომას. მოკლედ, აბსურდული კითხვები იყო. ვუთხარი, რომ შეხვედრაზე მეჩქარებოდა, წამოსვლა დავაპირე, რა დროსაც ცინიკურად მომმართა. როდესაც მივუტრიალდი და ვკითხე, ეს მომართვა რას ნიშნავდა, პასუხი ვერ გამცა და მესროლა.

ეს იყო სულ. მასთან არანაირი დაპირისპირება მანამდე არ მქონია, ისევე როგორც არ მქონია დაპირისპირება რაგბის კავშირის არცერთ „ჩინოვნიკთან“. ზოგადად, რასაც ვაკეთებდით მე და საინიციატივო ჯგუფი იყო ის, რომ ვსაუბრობდით სიმართლეს და ფაქტებით“, – განაცხადა რამაზ ხარაზიშვილმა, რომელიც რაგბის კავშირში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირმაც, სადაც ნათქვამია, რომ რამაზ ხარაზიშვილი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა. კავშირის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც კავშირის ფინანსური მდგომარეობა განიხილებოდა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან.

სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგის კავშირის არაეფექტური მართვისა და 6 მილიონი ლარი დავალიანების დაგროვების გამო აკრიტიკებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]