weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მადრიდში გამართული „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ ლიონელ მესის დუბლით მოიგო

14:43 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

საფეხბურთო სამყაროში არსებულ უდიდეს დაპირისპირებაში, რომელიც „ელ კლასიკოს“ სახელითაა ცნობილი, მადრიდის „რეალმა“კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე დამარცხდა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი უპრინციპულეს მეტოქეს დაუთმო.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მადრიდში გამართულ „ელ კლასიკოში“ ფავორიტად მასპინძელი „რეალი“ მოიაზრებოდა, თუმცა ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „ბარსელონამ“ გამარჯვება უკანასკნელ წუთზე მოიპოვა და ესპანეთის ჩემპიონობის რეალური შანსი დაიბრუნა.

მატჩამდე მადრიდელებს დაცვის ცენტრალურ ხაზში რაფაელ ვარანი და პეპე ტრავმების გამო ეკლდნენ, მაგრამ სტუმარ მეტოქეს ბევრად სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - კატალონიურ გრანდს ნეიმარი საყოველთაო მოსაზრებით, მკაცრი და არაკორექტული სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო არ ჰყავდა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე კრისტიანო რონალდო საჯარიმოშო სამუელ უმტიტიმ წააქცია, რაზეც პორტუგალიელი პენალტის დანიშვნას ითხოვდა და უნდა ითქვას, რომ ასპროცენტიანი დარღვევა არა, მაგრამ მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, ისევე როგორც შეეძლო, არ დაედო და ასეც მოიქცა. ამ მომენტის გარდა, საწყის წუთებში რონალდო ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბურთი ორჯერვე მოიგერია. საპასუხოდ, სტუმართაგან ლუის სუარესი აქტიურობდა, თუმცა „ბარსას“ ურუგვაელმა ცენტრფორვარდმა ორჯერ ააცილა ბურთი კარს. 28-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: „ბარსელონას“ დაცვა ჩავარდა, სერხიო რამოსმა ახლო მანძილიდან ძელს მოარტყა ჩაწოდებული ბურთი, ხოლო დამატებაზე ყველას კაზემირომ დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. მასპინძელთა სიხარულმა ხუთ წუთს გასტანა - ლიონელ მესიმ ბრწყინვალედ ითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა, მცველებს ოსტატურად გაუსწორდა და ეფექტური დარტყმით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ „ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლე მესის, „რეალის“ კარში ბოლოს 3 წლის წინ ჰქონდა გოლი გატანილი. ტაიმის დასრულებამდე თითო მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ უფრო საინტერესო ფაქტებიც მოხდა: 39-ე წუთზე გარეთ ბეილს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და იგი ახალბედა მარკო ასენსიომ შეცვალა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაზემირომ მესის წინააღმდეგ განზრახ იუხეშა და მთელი „ბარსელონა“ მისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებას მოითხოვდა, მაგრამ არბიტრი ასე არ მოიქცა.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში ტერ შტეგენმა ჯერ ტონი კროოსს არ გაატანინა, როდესაც უზუსტესი დარტყმული უკუაგდო, ხოლო შემდეგ კარიმ ბენზემას ძალიან რთულ თავურს გაუმკლავდა. საპასუხოდ სტუმრებმაც შეუტიეს და 56-ე წუთზე მეკარე კეილორ ნავასმა უხეიროდ მოთამაშე პაკო ალკასერს აჯობა, ორიოდე წუთში კი მადრიდელთა კოსტა რიკელმა მეკარემ ჟერარ პიკეს თავურიც უკუაგდო. მორიგი შანსი რონალდოს ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ ვალდებულიც იყო გაეტანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს გადააცილა. უმალ დაუწერელი კანონი „არ გაიტან? გაგიტანენ!“ ამუშავდა: 73-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციით შესანიშნავად გაისროლა და „ბარსა“ დააწინაურა. ხუთიოდე წუთში „რეალის“ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, რადგან ლიონელ მესის წინააღმდეგ გამეტებით უხეში თამაშის გამო, რეფერიმ სერხიო რამოსს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მასპინძლები კაპიტნის გარეშე დარჩნენ. ზინედინ ზიდანის გუნდი არ გატყდა, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად მაინც შეუტია და 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხამეს როდრიგესმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა. მასპინძელები არც ამაზე გაჩერდნენ და მესამე ბურთის გატანაც მოინდომეს, მაგრამ ტერ შტეგენმა კვლავ ივარგა და ამჯერად ასენსიოს არ გაატანინა. შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, რაც „რეალს“ ხელს აძლევდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 20 წამით ადრე „ბარსელონელმა“ სერხი რობერტომ უსწრაფესი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც ლიონელ მესის უზუსტესი და გამარჯვების მომტანი დარტყმით დასრულდა - 2:3. არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ეს გოლი მე-500 გამოდგა კატალონიური გუნდის მაისურით და გოლიც დემონსტრაციულად, მაისურის გახდითა და მისი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებზე ჩვენებით აღნიშნა.

ამრიგად, „რეალს“ და „ბარსელონას“ თანაბარი 75-75 ქულა აქვთ, მაგრამ „ბარსელონა“ ურთიერთ შეხვედრების ხარჯზე პირველ ადგილზეა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული - ვიგოს „სელტასთან“ სტუმრად გასამართი მატჩის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ისტორიას, აღნიშნული მატჩი რიგით 233-ე ოფიციალური დაპირისპირება იყო. უპირატესობა ჯერ-ჯერობით კვლავ მადრიდელთა მხარესაა: „რეალი“ - 93 მოგება, „ბარსელონა“ - 91 მოგება, ფრე - 49.

„ელ კლასიკოს“ ბომბარდირთა სია კი ასეთია (შავად: მოქმედი ფეხბურთელები):

  1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 23 გოლი
  2. ალფრედო დი სტეფანო (რეალი) - 18 გოლი
  3. კრისტიანო რონალდო (რეალი) - 16 გოლი
  4. რაული (რეალი) - 15 გოლი
  5. სესარი (ბარსელონა), ფრანსისკო ხენტო (რეალი), ფერენც პუშკაში (რეალი) - 14 გოლი
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]