weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

დედოფლისწყაროს რაიონში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი აშენდება – ღარიბაშვილი

17:41 შაბათი, 07 აგვისტო 2021

21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დღეს დედოფლისწყაროს რაიონში, მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ადგილობრივები დახვდნენ და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება მიულოცეს.

ძიუდოისტს ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ლაშა ბექაურს უთხრა, რომ მისი სახელობის სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ის, რომ ლაშა არის ჩემი ძირძველი კუთხიდან, დედოფლისწყაროს რაიონიდან. ჩვენ ყველა, მთელი სოფლის მოსახლეობა ვართ აქ შეკრებილი და ვზეიმობთ ლაშას ჩემპიონობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, მის მწვრთნელს, მის ექიმს და ყველას, ვინც ჩართული იყო მის გამარჯვებაში. ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ გამარჯვებას.

ლაშა გაიზარდა ამ სოფელში. ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ვარჯიში. ამიტომ, დღეს მე მას ვუთხარი, რომ დაიწყება მისი სახელობის ახალი დარბაზის მშენებლობა და სოფელს და ამ რაიონს ექნება ახალი დარბაზი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო 28 ივლისს მოიპოვა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მილიონ ლარს, რომელიც ოლიმპიადაზე გამარჯვებულებს საქართველოს მთავრობა დაპირდა, პირველ რიგში, საბერძნეთში სამუშაოდ მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას მოახმარს.

როგორც ლაშა იხსენებს, 7 წლის იყო, როდესაც მამის გადაწყვეტილებით ვარჯიში დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი კახა წიკლაურია.

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული ძალიან რთული იყო. ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით“, – ამბობდა ძიუდოისტი „პოსტ ფაქტუმთან“ ინტერვიუში.
<

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]