weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ავსტრიაში ეცდება

13:19 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017 hits 1266

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რიგით მერვე შეხვედრას დღეს, ვენაში ავსტრიის ნაკრებთან გამართავს. ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება საქართველომ უკვე დაკარგა, მაგრამ „ჯვაროსნების“ თამაშის ხარისხი მცირეოდენ იმედს იძლევა საიმისოდ, რომ ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

ირლანდიასთან ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა ახლა მთავარი ავსტრიაში სტუმრად თამაშია. საქართველო მოუგებლადაა და ყველა, მათ შორის ფეხბურთელებიც აცხადებენ, რომ დღევანდელი მატჩი საქართველომ უნდა მოიგოს, რაც ადვილი არ იქნება, მაგრამ არც - შეუძლებელი, რადგან ფაქტია, რომ ავსტრიის ნაკრები ბოლო პერიოდში ვეღარ ბრწყინავს. მარსელ კოლერის გუნდს ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვს და ჩვენთან შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა სჭირდება.

ქართველთა სლოვაკი მწვრთნელის განცხადებით, მის გუნდს თამაშში ერთ გოლზე მეტის გატანა უჭირს და ფრეების მიზეზიც ესაა. ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები უკვე რამდენჯერმე ახსენა, პირველ რიგში საუბარი მეკარის კრიტიკაზეა - გიორგი მაკარიძე შესაძლოა ნუკრი რევიშვილმა შეცვალოს. დაცვის ხაზში (კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი) ალბათ არაფერი შეიცვლება, ნახევარდაცვაში კი შეიძლება ტაქტიკური ცვლილება განხორციელდეს და ორი საყრდენის ნაცვლად სამი ნახევარმცველი დადგეს - ნიკა კვეკვესკირსა და ვაკო გვილიას გამოცდილი კაპიტანი ჯაბა კანკავა შეუერთდეს. შეტევაც დიდი ალბათობით იგივე იქნება, როგორც ირლანდიასთან თბილისურ მატჩში: ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ანანიძე დღეს საქართველოს ნაკრებში შეუცვლელთა კატეგორიაში გადიან, ხოლო გიორგი ქვილითაია ცენტრფორვართაგან ამ მომენტისთვის უალტერნატივოა.

საკადრო პრობლემები მასპინძლებსაც აქვთ. უკვე ცნობილია, რომ უელსთან მატჩის შემდეგ გუნდმა ორი ლიდერი, მარსელი ზაბიცერი და სებასტიან პრიოდლი მოისაკლისა. სხვა მხრივ ავსტრიელთა შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიის ნაკრებთან თამაში საქართველოს აქამდე ერთხელ მოუწია - მიმდინარე შესარჩევ ციკლში ზუსტად ერთი წლის წინ მარსელ კოლერის გუნდმა თბილისში 2:1 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია-საქართველოს შეხვედრა ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ვენიდან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]