weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს 

18:47 ორშაბათი, 20 დეკემბერი 2021

სპორტსმენების, მათ შორის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მთავრობას მიმართეს, არ მიიღოს ისეთი რეგულაციები, რაც სპორტსმენებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გამოიწვევს. 

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ასოციაციის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, რომ იძულებული იქნებიან სპორტს დაფინანსება შეუმცირონ, თუ პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს. მისი თქმით, ასოციაციის წევრ კომპანიებს ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევთ და სპორტსმენების დაფინანსების საშუალება აღარ ექნებათ.

„თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს სპორტისთვის დამღუპველი იქნება. ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა, ან სპორტისთვის თავის დანებება, რადგან ძალიან მცირეა იმ სპორტსმენების რაოდენობა, ვისაც სახელმწიფოსგან ღირსეული დაფასება და შემოსავალი აქვს. 

მე სახელმწიფოსგან არაფერი მაქვს და დამოკიდებული ვარ სპონსორზე“, – განაცხადა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა („ქართველი ჰალკი“).

ძალოსნობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ ბევრი სპორტსმენი სწორედ სათამაშო ბიზნესის დაფინანსებით სულდგმულობს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ რომელიმე მათგანი დაფინანსების მიღმა დარჩება.

„პირადად მე, ძალიან დიდ გვერდში დგომას ვგრძნობ მათი მხრიდან, უფრო მეტად მიფასდება ჩემი წარმატებები. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მინდა, რომ ის სპორტსმენები, ვინც წარმატებებს აღწევენ, დარჩნენ დაფინანსების გარეშე. დღეს რამდენიმე სპორტსმენისგან მოვისმინეთ, რომ შესაძლოა საქართველო დატოვონ“, – აღნიშნა ტალახაძემ.

კონსტანტინე ჯანაშიას თქმით, აზარტული თამაშების სფროში გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი, რომ სპორტსმენებს დაფინანსება შეუწყდეს: „პროფესიონალი სპორტსმენისთვის ნებისმიერი სახის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მე მეხმარება, რომ უკეთესად მოვემზადო და შეჯიბრებებზეც უკეთესად გამოვიდე. ვიმედოვნებ, ისეთი რეგულაციები იქნება მიღებული, რომ დაფინანსების მთლიანად შეწყვეტა არ მოხდება“.

სამბოში მსოფლიო ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო იმ ფონზე, როდესაც სპორტის განვითარებასა და სპორტით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაზე საუბრობს. როგორც ოძელაშვილი ამბობს, სათამაშო ბიზნესი ქართველ სპორტსმენებს ღირსეულად ედგა გვერდში. 

„ვისაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს, ხელფასი აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს და რა შედეგებსაც ვაღწევთ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში გვედგა, რადგან დაფინანსების გარეშე ქართული სპორტი ვერ იარსებებს“, – აღნიშნა ოძელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშებისა და მათი რეკლამის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს და საჯარო მოხელეებს, ასევე, პირებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხვდებიან.

ცვლილებებს სატელევიზიო მაუწყებლებზეც ექნება გავლენა, რადგან აკრძალება აზარტული თამაშის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ გაავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ შეზღუდვების დაწესებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას აპირებს.

„აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნსოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობა ელის, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება. 

„ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 18 დეკემბერს. 

აზარტულ თამაშებზე რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით, 2019 წლის ბოლოს, საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ მთავრობას პეტიციით მიმართა. პეტიციის ინიციატორი ანა დოლიძე იყო. პეტიციის მიხედვით, არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს ახალ თაობას, არამედ ხელს უწყობს მოზარდების ჩართვას აზარტულ თამაშობებში. პეტიციის ხელმოწერები აზარტულ თამაშებში ჩართულობას უკავშირებენ თვითმკვლელობების შემთხვევებს, სიღარიბის, უძრავ/მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კრიმინალის და ოჯახური ძალადობის მაჩვენებლების ზრდას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]