weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

11:33 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

უდიდესი საფეხბურთო სენსაციით დასრულდა იტალია-შვედეთის საპლეი-ოფო დაპირისპირება. სკანდინავიელებმა სახელოვან მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ დაანებეს და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალია მუნდიალს მიღმა დატოვეს. პირველად 1958 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის გარეშე ჩაივლის.

პირველ შეხვედრაში დამარცხებულმა „სკვადრა აძურამ“ მილანის „სან სიროზე“ გამართული საპასუხო მატჩი შეტევებით დაიწყო. საწყის წუთებში გუნდებმა უმაღლესი ტემპი, თავდაუზოგავი ბრძოლა, დაძაბული და ემოციური სანახაობა შესთავაზეს ქომაგებს, თუმცა მთავარი მოვლენები ორივე გუნდის კარში არდანიშნული პენალტებია. ჯერ მარკო პაროლო წააქციეს წესების დარღვევით შვედებმა, შემდეგ კი იტალიელ ფეხბურთელებს საჯარიმოში ხელზე ორჯერ მოხვდათ ბურთი. ზოგადად მატჩის ესპანელი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი ბევრჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. აშკარა საგოლე მომენტი მასპინძლებს მიეცათ, როდესაც ანტონიო კანდრევამ ხელსაყრელი სიტუაციიდან კარს ზემოდან ააცილა, ტაიმის მიწურულს კი ჩირო იმობილესა და ალესანდრო ფლორენცის გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ტაიმი იტალიელების უდიდესი სათამაშო უპირატესობით დაიწყო, თუმცა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, „სკვადრა აძურას“ შეტევებში ფანტაზია არ ჰყოფნიდა და შვედების მწყობრად მოთამაშე დაცვა ადვილად უმკლავდებოდა მათ იერიშებს. ნერვიულ და სადაო ეპიზოდებით სავსე მატჩში კიდევ ერთხელ არ დაინიშნა პენალტი, როდესაც ამჯერად შვედმა ფეხბურთელმა ითამაშა ხელით საჯარიმოში. შეხვედრის მიწურულს იტალიელებმა შტურმი მიიტანეს სტუმრების კართან. ბოლო წუთები განსაკუთრებით დრამატული გამოდგა: 87-ე წუთზე სტეფან ელ შაარავის საგოლე მომენტიც შეექმნა, მაგრამ მეკარე რობინ ოლსენმა ძლიერი დარტყმული მოიგერია და საკუთარი გუნდი სასწაულებრივად იხსნა. ფლორენციმ ბოლო წამებზე ბურთს აკოცა და კუთხური მას შემდეგ ჩააწოდა, მეტოქის საჯარიმოში ჯანლუიჯი ბუფონიც ჩავიდა, თუმცა „სკუადრა აძურას“ ვერაფერმა უშველა და რუსეთში თამაშის უფლება ნულოვანი ყაიმით შვედეთს დაუთმო.

ამრიგად, ჰოლანდიის ნაკრების შემდეგ, მუნდიალს კიდევ ერთი გრანდი გამოაკლდა. იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ამ ეტაპზე ჯან პიერო ვენტურას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სახელდება. 69 წლის სპეციალისტმა ეროვნული გუნდი 17-ჯერ ათამაშა, საიდანაც 10-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ დამარცხდა და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა, შედეგად კი შესარჩევი ციკლის ქვეჯგუფში ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილი და პლეი-ოფის ორმატჩიან დუელში შვედეთთან მარცხია.

დღეს ევროპული ზონის პლეი-ოფის უკანასკნელი შეხვედრა დუბლინში გაიმართება, სადაც ირლანდია დანიას დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]