weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

11:21 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა (70:79). ილიას ზუროსის გუნდს გერმანელთა დამარცხებლად ძალა და რესურსი არ ეყო.

შეხვედრამდე სხვადასხვა მიზეზთა გამო, ნაკრებს დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე დააკლდნენ.

ქართველთა ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა კარგი გათვლა გააკეთა და თავიდანვე შეხვედრა სამქულიანებზე ააგო. ამან შედეგი მოიტანა და პირველ ნახევარში საქართველომ 12 სამქულიანი ჩააგდო - მაიკლ დიქსონი და მიხეილ ბერიშვილი თითქმის უშეცდომოდ ისროდნენ, მათ მხარი მერაბ ბოქოლოშვილმა აუბა, რომელმაც ორი სამქულიანი მოათავსა კალათში.

პირველი პერიოდი სრული თანაფარდობით წარიმართა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებდა – 18:18. დაახლოებით იგივე სცენარი იყო მეორე მეოთხედშიც. საქართველო პერიმეტრიდან უტევდა და თან ძალიან კარგად, ხოლო გერმანია რობინ ბენცინგზე აწყობდა თამაშს. მეორე პერიოდში ბერიშვილმა და დიქსონმა განაგრძეს სამიანების ჩაგდება. მათ მანუჩარ მარკოიშვილი და ნიკოლოზ ცქიტიშვილიც მიეშველნენ და დიდ შესვენებაზე უპირატესობით გავედით – 41:40. სხვაობა მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სირენამდე წამებით ადრე ბენცინგმა სამიანი ჩააგდო, ხოლო მასზე ქართველი კალათბურთელი დაჯარიმდა და ხუთქულიანი უპირატესობისგან ერთი ქულაღა დარჩა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა. გერმანელთა თავკაცმა კარგად დაინახა, რომ პერიმეტრის გადაკეტვა იყო საჭირო და ასეც მოიქცა. საქართველომ ისე ლაღად ვეღარ ისროლა სამიანები. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველის საპასუხოდ მეორე ნახევარში მხოლოდ 4-ჯერ ჩავარდა ბურთი კალათში. ამასობაში ბენცინგის შეჩერება ისევ ჭირდა. მესამე მეოთხედიც პირველი დარად, საყაიმო ანგარიშით დასრულდა (20:20) და ყველაფერი ბოლო მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა. თითქოს საგანგაშო არაფერი იყო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რესურსმა და ძალამ ქართველებს მეტი ვეღარ შეაძლებინა.

მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მანამდე არაფრით გამორჩეულმა ანდრეას ობსტმა ორი სამქულიანი ჩააგდო. სწორედ იმ წუთებში გატყდა საქართველოს ნაკრები, გერმანია კი თავს დიდებულად იცავდა. აღსანიშნვია, რომ ბოლო მეოთხედის საწყის რვა წუთში საქართველომ აქტივს მხოლოდ სამი ქულა წაამატა – ლევან ფაცაციას ერთადერთი სამქულიანი. საბოლოოდ საქართველოს ეროვნული გუნდი 70:79 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი გახლდათ, რომელმაც მატჩი 23 ქულით, 4 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. დიქსონი უბრალოდ შეუდარებელი იყო სამ მეოთხედში, მაგრამ ბოლოს დაღლილობა დაეტყო და დასკვნით პერიოდში გერმანელებმა ადვილად გაანეიტრალეს. მას თითქმის არ დაუსვენია და პარკეტზე 37:29 წუთი გაატარა. მიხეილ ბერიშვილმა 15 ქულა დააგროვა და 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

ილიას ზუროსის გუნდს წინ კიდევ 5 შეხვედრა აქვს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 27 ნოემბერს, ბელგრადში, ჯგუფის ფავორიტ სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]