weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტურის წინ

17:33 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი, მე-6 ტურის პირველი რვა შეხვედრა გაიმართება. დღეს მოთამაშე 16 გუნდს შორის გამოსავლენი 8 მერვედფინალისტიდან ოთხის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“. შესაბამისად, დღეს დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს.

A ჯგუფიდან პირველადგილოსანი „იუნაიტედისთვის“ მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“-სთან საშინაო მატჩი თითქმის ფორმალობაა, მერვედფინალში გასვლის შანსი კი მოსკოველ „არმიელებსაც“აქვთ, ოღონდ ამისთვის მთავარი პირობაა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ არ წააგონ, თუმცა ვიქტორ გონჩარენკოს გუნდს შესაძლოა გამარჯვებაც არ ეყოს, რადგან მათი ბედი მაინც „ბაზელის“ ხელშია, რომელიც მოსკოვურ კლუბს ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის და თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი-ოფში გავა. შვეიცარიის ჩემპიონის საქმეს ისიც ამარტივებს, რომ აუტსაიდერ „ბენფიკას“ ეთამაშება. ძნელი სათქმელია, ბოლოს ლისაბონურ გუნდს ასეთი წარუმატებელი გამოსვლა როდის ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე - „არწივებმა“ ხუთივე მატჩი წააგეს და შესაძლოა, სწორედ ბოლო ტურში „გაიჯახუნონ კარი“.

B ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ ადგილებია გადასანაწილებელი - ვინ იქნება პირველი, ვინ მეორე და ვინ მესამე. მესამე ადგილი ევროპა ლიგის საგზურს იძლევა, თუმცა ინტრიგა ამ მხრივ თითქმის არ არსებობს: „სელტიკი“ ძალიან ახლოსაა საპატიო მესამე პოზიციასთან, რადგან ბრიუსელში 3:0 აქვს მოგებული და დღეს საკუთარ მოედანზე ოთხბურთიანი სხვაობით არ უნდა წააგოს, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა. რაც შეეხება ქვეჯგუფის ლიდერებს, „ბაიერნს“ პირველი ადგილისთვის პარიზელთა ოთხი ბურთის სხვაობით დამარცხება სჭირდება, რაც მარტივი საქმე არაა - „პარი სენ ჟერმენი“ ხომ ფანტასტიურ სეზონს ატარებს.

C ჯგუფიდან პლეი-ოფი გარანტირებული მხოლოდ ლონდონის „ჩელსის“ აქვს, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, პირველ ადგილზე გავლენ თუ მეორეზე. ანტონიო კონტეს გუნდს ქვეჯგუფის მოსაგებად დღეს სამი ქულა სჭირდებათ რადგან თუ „ჩელსი“ ვერ მოიგებს და „რომა“ გაიმარჯვებს, სწორედ იტალიური კლუბი დაიკავებს პირველ პოზიციას. თავის მხრივ, ლონდონს „ატლეტიკო“ სტუმრობს, რომელსაც ყველა გზა მოჭრილი აქვს - მადრიდელები მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეინარჩუნებენ გასვლის შანსს.

D ჯგუფში თავს მშვიდად „ბარსელონა“ გრძნობს, რომელსაც პირველი ადგილი და ბუნებრივია, პლეი-ოფი უკვე გარანტირებული აქვს. ერნესტო ვალვერდეს კატალონიური გრანდი მშობლიურ „კამპ ნოუზე“ ლისაბონის „სპორტინგს“ უპირისპირდება, რომელიც ერთობ რთული ამოცანის წინაშე დგას – 3 ქულა სჭირდება, თუმცა, ჟორჟე ჟეზუსის გუნდი ამ შემთხვევაშიც არ იქნება მშვიდად და პარალელური მატჩის შედეგს უნდა დაელოდოს: „იუვენტუსი“ ლისაბონელებს ქულით უსწრებს და თუ სტუმრად პირეოსში მოიგებს, მეორე ადგილს დაიკავებს. „ბებერი სინიორასთვის“ ამის გაკეთება წესით დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან „ოლიმპიაკოსი“ ჯგუფის აუსტაიდერია.

რვავე შეხვედრა პარალელურად, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]