weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა

11:45 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელი ტურის რვა შეხვედრა გაიმართა, რამაც კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გუნდის ვინაობა გაარკვია.

A ჯგუფის ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის არმიელთა ცენტრალურ სპორტულ კლუბს მასპინძლობდა, რომელსაც სტუმრად გამარჯვება სჭირდებოდა. პირველი ტაიმი „წითელი ეშმაკების“ უპირატესობით წარიმართა და ჟოზე მოურინიოს გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მანჩესტერელები გატანას ვერ ახერხებდნენ, ხანაც მოსკოველთა კარის დარაჯი იგორ აკინფეევი თამაშობდა კარგად. ტაიმის უკანასკნელ წუთზე ანგარიში მოულოდნელად სტუმრებმა გახსნეს - ალოგიკური გოლი ძალიან ჰგავდა თამაშგარეს. მეორე ნახევარში „იუნაიტედმა“ მოუმატა და ორ წუთში მოამთავრა საქმე: ჯერ რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, შემდეგ კი - მარკუს რეშფორდმა. პარალელურად ლისაბონში „ბაზელმა“ აუღელვებლად იმარჯვა და „მანჩესტერთან“ ერთად გავიდა პლეი-ოფში, მოსკოვური კლუბი კი ევროპა ლიგაზე განაგრძობს გამოსვლას. აქვე უნდა აღინიშნოს „ბენფიკას“ წლევანდელი კოშმარული ასპარეზობა. თავად განსაჯეთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ კალათში განთესილმა პორტუგალიურმა ფეხბურთის ფლაგმანმა ექვსივე მატჩი წააგო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 14 გაუშვა.

მანჩესტერ იუნაიტედი - მოსკოვის ც.ს.კ.ა. 2:1

0:1 ვიტინიო (45) 1:1 ლუკაკუ (64) 2:1 რეშფორდი (66).

ბენფიკა - ბაზელი 0:2

მ. ელიუნუსი (5), ობერლინი (65).

B ჯგუფიდან მერვედფინალში უკვე გასული ლიდერები მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების გასარკვევად ეთამაშნენ ერთმანეთს. მიუნხენის „ბაიერნს“ პირველი ადგილის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხბურთიანი სხვაობით ძლევა მართებდა. იუპ ჰაინკესის გუნდმა კარგად დაიწყო - ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა სწრაფი გოლი, ნახევარი საათის შემდეგ კი კორენტინ ტოლისომ ორამდე გაზარდა სხვაობა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე კილიან მბაპემ ერთი ბურთი გაქვითა და ბავარიელთა სურვილი ნაკლებ რეალური გახადა. „რეკორდმაისტერთა“ რიგებში ტოლისომ დუბლი გაიფორმა და გუნდს მხოლოდ პრესტიჟული გამარჯვება მოუტანა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაც ბევრ არაფერს წყვეტდა, რადგან ბოლოადგილოსან ბრიუსელის „ანდერლეხტს“ სტუმრად გლაზგოში ასევე ოთხბურთიანი სხვაობით გაამრჯვება სჭირდებოდა, რათა ევროპა ლიგაზე გადართულიყო, თუმცა მხოლოდ 1:0 იმარჯვა და ქვეჯგუფში მე-3 ადგილზე კვლავ „სელტიკი“ დარჩა.

ბაიერნი - პარი სენ-ჟერმენი 3:1

1:0 რ. ლევანდოვსკი (8) 2:0 ტოლისო (37) 2:1 მბაპე (50) 3:1 ტოლისო (69).

სელტიკი - ანდერლეხტი 0:1

შიმუნოვიჩი (62 ს.კ.).

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები C ჯგუფში, სადაც პლეი-ოფში მხოლოდ „ჩელსი“ იყო გასული, თუმცა არ იყო გარკვეული პირველი თუ მეორე პოზიციით. „არისტოკრატებმა“ საშინაო შეხვედრაში „ატლეტიკოსთან“ უამრავი ხელსაყრელი მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს, საბოლოოდ ფრეს გამორჩნენ და რადგანაც თავის მხრივ „რომამ“ შინ აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა, ქვეჯგუფის გამარჯვებული სწორედ რომაული კლუბი გახდა, „ჩელსი“ კი „რომასთან“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გამო მეორეზე გავიდა. დიეგო სიმეონეს გუნდს ევროპა ლიგის საგზური ერგო.

ჩელსი - მადრიდის ატლეტიკო 1:1

0:1 ნიგესი (56) 1:1 სავიჩი ( 75 ს.კ.).

რომა - ყარაბაღი 1:0

პეროტი (53).

D ჯგუფიდან მერვედფინალის საგზური „ბარსელონას“ მსგავსად, ტურინის „იუვენტუსმაც“ გაიფორმა. კატალონიელებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით „კამპ ნოუზე“ ლისაბონის „სპორტინგი“ დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მოუსპეს. უგოლო ტაიმის შემდეგ ჯერ პაკო ალკასერმა გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში კი ჟერემი მატიემ ყოფილ გუნდთან ავტოგოლი მიითვალა. იგივე ანგარიშით მოიგო პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ გამართული შეხვედრა იტალიის ჩემპიონმა კლუბმა, რომელთა რიგებიდან კოლუმბიელმა ხუან კუადრადომ ანგარიში მალევე გახსნა, შეცვლაზე შესულმა ფედერიკო ბერნარდესკიმ კი ბოლო წუთზე ცაცია გასროლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ბარსელონა - ლისაბონის სპორტინგი

ალკასერი (59) მატიე (90+1 ს.კ.).

ოლიმპიაკოსი - იუვენტუსი 0:2

კუადრადო (15) ბერნარდესკი (90).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეექვსე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]