weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპა ლიგას ქართველებიდან მხოლოდ საბა კვერკველია შემორჩა

11:14 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ჯგუფური ეტაპის გათამაშება UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ევროპაზე ლიგაზეც დასრულდა. იმ კლუბებიდან, რომელთა რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრები გამოდიან, ტურნირს მხოლოდ სოლომონ (საბა) კვერკველიას გუნდი შემორჩა, სამი კი ბრძოლას გამოეთიშა.

დაძაბული მდგომარეობა იყო F ჯგუფში, სადაც ბოლო ტურის წინ სამ გუნდს პლეი-ოფში გასვლის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა. ტირასპოლის „შერიფი“, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფებოდა, დანიაში „კოპენჰაგენთან“ დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, პარალელურად კი მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სტუმრად ჩეხური ზლინის „ფასტავი“ 2:0 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. ჩეხეთში 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვერკველიამ, რომელმაც მოსკოველი „რკინიგზელების“ საიმედო თამაშში საკუთარი წვლილი შეიტანა.

H ჯგუფში გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ სარბიელზე ბორისოვოს „ბ.ა.ტ.ე.ს“ შავი დღე აყარა და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ბელარუსული კლუბის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა ვაკო გვილია, თუმცა მას თამაშის შანსი არ მისცემია. გვილიას გუნდი 5 ქულით ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა.

პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვა არნემის „ვიტესმა“, რომელიც მიმდინარე ევროპა ლიგის ყველაზე რთულ ქვეჯგუფში ასპარეზობდა. გურამ კაშიას კაპიტნობით ჰოლანდიურმა გუნდმა შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით შინ უმოტივაციო „ნიცა“ დაამარცხა. პარალელურ მატჩში ასევე უმოტივაციო „ლაციო“ სტუმრად ბელგიაში „ვარეგემთან“ დამარცხდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე სწორედ რომაელები და ფრანგები გავიდნენ, რაც წინასწარვე იყო ცნობილი. კაშიას გუნდს 5 ქულით K ჯგუფის ბოლო ადგილი ერგო.

ბოლო ტურში კინკილა ქულის აღება მოახერხა წლევანდელი ევროპა ლიგის მონაწილეთაგან ყველაზე სუსტმა გუნდმა, სკოპიეს „ვარდარმა“. ჯაბა ჯიღაურის კლუბმა საკუთარ მოედანზე ნორვეგიულ „რუსენბორგთან“ 1:1 ითამაშა, ქართველი შუახაზელი კი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

ამრიგად, ევროპა ლიგას მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი შემორჩა, თუმცა ამ ტურნირზე ჯანო ანანიძის „სპარტაკიც“ იასპარეზებს, რადგან ევროპა ლიგის ქვეჯგუფებიდან გასულ 24 გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 8 კლუბი (მათ შორის მოსკოვის „სპარტაკი“) დაემატება და 32 გუნდი ერთმანეთთან კენჭისყრით 1/16-ფინალიდან განაგრძობენ თასის მოსაპოვებლად ბრძოლას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]