weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ გახდა

10:10 ორშაბათი, 22 მაისი 2017

მადრიდის „რეალი“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, სადაც ჩემპიონის ბედი ორ პარალელურ მატჩში წყდებოდა, ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „მალაგა“ დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული რეკორდულად, 33-ედ მოიპოვა.

წინასამატჩო მითქმა-მოთქმის, დაძაბულობისა და დაპირებების მიუხედავად, „რეალმა“ მასპინძელი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. რომ არა მალაგელთა კამერუნელი გოლკიპერი იდრის კამენი, მადრიდელები კიდევ არაერთ გოლს გაიტანდნენ. ჩემპიონის ტიტულის წყალობით, „სამეფო კლუბი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას პირველ კალათში განთესილი შეხვდება, მიმდინარე სეზონში კი მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც 2 ივნისს კარდიფში შედგება.

„რეალის“ უშუალო კონკურენტი კატალონიური „ბარსელონა“ სახლში ბასკურ „ეიბარს“ მასპინძლობდა. ლუის ენრიკეს გუნდს გასაჩემპიონებლად მეტოქის დამარცხება მართებდა იმ პირობით, რომ მადრიდული გრანდი პარალელურად მალაგაში დამარცხდებოდა, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ასე არ მოხდა, უფრო მეტიც, „ბარსელონას“ არ უმართლებდა და საკუთარ მოედანზე მოკრძალებულ კლუბთან უშანსოდ აგებდა. „ბარსამ“ გამარჯვება გაჭირვებით, ისევ და ისევ სახელოვანი თავდამსხმელებისა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაძევების ხარჯზე მოახერხა. საბოლოოდ კატალონიელები ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდნენ, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად იასპარეზებენ, წინ კი „ალავესთან“ სათამაშო ესპანეთის სამეფო თასის ფინალი ელით, რომელიც 27 მაისს მადრიდში გაიმართება.

2016-2017 წლების ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 37 გატანილი გოლით „ბარსელონელი“ ლიონელ მესი გახდა. ლა ლიგა სამმა კლუბმა დატოვა - „გრანადა“, პამპლონის „ოსასუნა“ და ხიხონის „სპორტინგი“ გაისად ქვედა ლიგაში იასპარეზებენ. „რეალისა“ და „ბარსელონას“ გარდა ევროტურნირების საგზურები შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: მადრიდის „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა), „სევილია“ (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი), „ვილიარრეალი“ (ევროპა ლიგა) და „რეალ სოსიედადი“ (ევროპა ლიგის პლეი-ოფი), თუმცა თუ ესპანეთის თასს არა „ბარსელონა“, არამედ „ალავესი“ მოიპოვებს, „სოსიედადის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე სწორედ „ალავესი“ ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]