weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„რეალი“ ზედიზედ მესამედ თუ „ლივერპული“ 13 წლის შემდეგ?

15:51 შაბათი, 26 მაისი 2018

დღეს 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ევროპული საკლუბო სეზონის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის წინაშე მადრიდი „რეალი“ და „ლივერპული“ წარდგებიან.

ფინალში საფეხბურთო ინტრიგა დიდია: მოიგებს თუ არა ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგას ამ ტურნირის ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული მადრიდული გრანდი თუ მერსისაიდული კლუბი აღმართავს 2005 წლის შემდეგ სანატრელ თასს.

2006 წლიდან მოყოლებული „ლივერპულს“ ზოგადად ერთადერთი ტიტული (2012 წლის ინგლისის ლიგის თასი) აქვს მოგებული და ბუნებრივია, მათთვის მეტად მნიშვნელოვანი მატჩია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „წითლები“ ბოლოს 2007 წელს იყვნენ, როდესაც „მილანთან“ დამარცხდნენ.

თავის მხრივ, „რეალისთვის“ დღევანდელი მატჩი შანსია, ისტორიაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეწეროს და გახდეს პირველი გუნდი, რომელსაც მიჯრით სამჯერ ექნება ჩემპიონთა ლიგა მოგებული. გარდა ამისა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის ეს ფინალი არცთუ წარმატებული სეზონის გადამრჩენი იქნება, რადგან შიდა ფრონტზე მადრიდელებს უმთავრესმა კონკურენტმა და უპრინციპულესმა მეტოქემ - კატალონიურმა „ბარსელონამ“ ორივე ფრონტზე აჯობა - ლა ლიგაშიც და სამეფო თასზეც.

ცალკე სასაუბრო თემაა „რეალისა“ და „ლივერპულის“ ლიდერების, კრისტიანო რონალდოსა და მოჰამედ სალაჰის დუელი. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 15 გოლი აქვს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი და ბუნებრივია, ეცდება უგოლოდ და უღიღამოდ ჩატარებული ნახევარფინალის შემდეგ მეტოქე ფინალში დაამწუხროს. თავის მხრივ, სალაჰმა გასაოცარი სეზონი ჩაატარა და ბევრის აზრით, თუ დღეს მერსისაიდელები მოიგებენ, წლის ბოლოს ეგვიპტელი ფორვარდი „ოქროს ბურთსაც“ მოიგებს. სალაჰის გარდა, ასევე დიდებულად გამოიყურება იურგენ კლოპის გუნდის შეტევის ხაზი - თუ საკვალიფიკაციო ეტაპსაც გავითვალისწინებთ, „ლივერპულს“ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის სეზონში 46 გოლი აქვთ გატანილი, რაც რეკორდია, უშუალოდ ტურნირიდან -  ჯგუფური ეტაპიდან კი - 40 გოლი და ესეც სარეკორდო შედეგია ისტორიაში. ასევე რეკორდია „ლივერპულის“ ფეხბურთელთა სხვა მიღწევაც - წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის სამ ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰს, სადიო მანესა და რობერტო ფირმინოს, თითოს რვაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი (სალაჰი და ფირმინო - 10-10, მანე - 9) აქამდე კი ერთი გუნდის წევრების მხრიდან მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. რეკორდია ჯეიმს მილნერის საგოლე პასების მაჩვენებელიც - 9 ასისტი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში აქამდე არავის გაუკეთებია.

ურთიერთშეხვედრები:

„ლივერპული“ და „რეალი“ ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვედრილან. სამჯერ ინგლისელებმა მოიგეს, ორჯერ - ესპანელებმა. აღსანიშნავია, რომ „წითლებმა“ პირველი სამი მატჩის მოგება მოახერხეს, ხოლო მადრიდელებმა უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში მიაღწიეს წარმატებას.

ბოლოს ამ გუნდების გზა 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. 2014 წლის 22 ოქტომბერს, „ენფილდ როუდზე” სტუმრებმა კარიმ ბენზემას დუბლითა და რონალდოს გოლით 3:0 მოიგეს, ორი კვირის შემდეგ მადრიდში კი გამარჯვება ისევ „რეალს“ დარჩა ბენზემას ერთადერთი გოლით - 1:0.

მანამდე იყო ორი მატჩი, 2008-2009 წლების სეზონში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ოღონდ მერვედფინალში და მაშინ ინგლისელებმა ძალზე ადვილად მიაღწიეს წარმატებას. რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ მადრიდში გაამრთული პირველი მატჩი იოსი ბენაიუნის ერთადერთი გოლით მოიგო, საპასუხო შეხვედრაში კი „რეალს“ შავი დღე გაუთენდა და ლივერპულში 0:4 განადგურდა: სტივენ ჯერარდმა დუბლი გაიფორმა, ფერნანდო ტორესმა და ანდრეა დოსენამ კი თითოჯერ დაამწუხრეს „სამეფო კლუბი“.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კი 1981 წლით თარიღდება. ჩემპიონთა თასის ფინალი პარიზის „პარკ დე პრენსზე“ შედგა, სადაც ლეგენდარული ბობ პეისლის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ ალან კენედის 81-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.

საინტერესო ფაქტები:

„რეალს“ 12-ჯერ აქვს მოგებული ფინალი (რეკორდი) და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა ფინალში: 1962 წელს ლისაბონის „ბენფიკასთან“ (3:5), 1964 წელს მილანის „ინტერთან“ (1:3) და 1981 წელს „ლივერპულთან“ (0:1). „სამეფო კლუბს“ ბოლოს ნათამაშები 6 ფინალი აქვს მოგებული და როგორც უკვე ვახსენეთ, ბოლოს ფინალში სწორედ მერსისაიდელებთან წააგო.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელსაც სამ სხვადასხვა ფინალში გაუტანია (2008, 2014 და 2017 წლებში), დღეს კი კიდევ აქვს შანსი მიღწევის გაუმჯობესების.

სერხიო რამოსს ორ ფინალში აქვს გატანილი (2014, 2016 წლებში). ასეთი შედეგი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს: რაული (2000, 2002), სამუელ ეტო’ო (2006, 2009), ლიონელ მესი (2009, 2011), მარიო მანჯუკიჩი (2013, 2017) და სერხიო რამოსი (2014, 2016).

სერხიო რამოსს, კრისტიანო რონალდოს, გარეთ ბეილს, ლუკა მოდრიჩს, კარიმ ბენზემას, დანი კარვახალს, მარსელოსა და ისკოს შანსი აქვთ „რეალთან“ ერთად მეოთხედ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა.

„რეალი“ მეორე გუნდია, რომელიც ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს. აქამდე იგივე „იუვენტუსმა“ მოახერხა 1996, 1997 და1998 წლებში, მაგრამ ტურინელებმა სამიდან მხოლოდ ერთი ფინალი (1996 წელს) მოიგეს.

„ლივერპულს „ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქამდე შვიდჯერ უთამაშია და ხუთჯერ აქვს ტიტული მოგებული (1977, 1978, 1981, 1984 და 2005) წლებში. „წითლებმა“ ბოლოს ამის გაკეთება 2005 წელს, სტამბოლში „მილანთან“ დაუვიწყარ ფინალში მოახერხეს, იმავე „მილანთან“ კი 2007 წელს დამარცხდნენ (1:2) და მას შემდეგ პირველად ითამაშებენ გადამწყვეტ მატჩში. „ლივერპულს“ მეორე ფინალი ასევე იტალიურ გრანდთან -  „იუვენტუსთან“ აქვს წაგებული (0:1).

საინტერესოა, რომ „ლივერპულის“ არცერთ ფეხბურთელს „რეალის“ მოთამაშეებისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს უთამაშიათ.

მადრიდელთა თავკაცს გუნდის მსგავსად, ასევე შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგოს მწვრთნელის რანგში, „ლივერპულის“ გერმანელ მწვრთნელ იურგენ კლოპს კი მეორედ აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მოგეხსენებათ, მისი გაწვრთნილი დორტმუნდის „ბორუსია“2013 წელს ფინალში „ბაიერნთან“ დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი (4-4-2): კ. ნავასი; კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო; კ. რონალდო, ბეილი.

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ლივერპული (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი; ჰენდერსონი, მილნერი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]