weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რონალდოს ჰეთ-თრიქი და ისტორიული მიღწევა

10:28 შაბათი, 16 ივნისი 2018

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი სოჭში შედგა. პორტუგალია-ესპანეთის „პირენეულ დერბიში“ მაყურებელმა უაღრესად საინტერესო, სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირება იხილა. კრისტიანო რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მუნდიალების ისტორიაში სხვა მიღწევითაც შევიდა.

მეზობელთა პრინციპული მატჩი პირველივე წამებიდან მაღალ ტემპში, პორტუგალიელთა შეტევებით დაიწყო და ფერნანდო სანტოსის გუნდი სწრაფი გოლითაც დაწინაურდა - კრისტიანო რონალდოს საჯარიმოში ნაჩო ეუხეშა და პენალტი „წამოიკიდა“, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად. ამით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უვე ზეელერის, პელესა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოთხ სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო გოლების გატანა. ესპანელები გამოფხიზლდნენ და შთამბეჭდავი გოლით გაათანაბრეს - დიეგო კოსტამ მცველებს თავბრუ დაახვია და უზუსტესი დარტყმით აიღო რუი პატრისიოს კარი. ამის შემდეგ სიტუაციასაც ფერნანდო იეროს გუნდი აკონტროლებდა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლით წინ კვლავ პორტუგალია გავიდა - რონალდომ კარის შუაში დაბალი დაარტყა, ესპანელთა მეკარე დავიდ დე ხეამ კი უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელებიდან გაუშვა.

მეორე ტაიმში ესპანეთმა მატჩის სადავეები იგდო ხელში და მძლავრად შეუტია. ჯერ დიეგო კოსტამ გაიფორმა დუბლი, სამ წუთში კი ნაჩომ ყუმბარისებური გაისროლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პორტუგალიას თითქოს აღარაფერი გამოსდიოდა და მარცხს შეეგუა, რადგან ესპანელები დომინირებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს კონტრშეტევისას ხერარდ პიკემ კრისტიანო რონალდო ჯარიმით შეაჩერა, სტანდარტული სიტუაცია კი ლუზიტანიელთა კაპიტანმა უზადოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]