weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ბრაზილიამ მუნდიალი ყაიმით დაიწყო

11:43 ორშაბათი, 18 ივნისი 2018 hits 838

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე სასტარტო მატჩი ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა გამართა და უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შვეიცარიის ნაკრებთან გამარჯვება ვერ შეძლო.

„სელესაომ“ მატჩი კარგად დაიწყო და ლამაზი ბურთაობითაც დაანახა ყველას, რომ ტექნიკა და სანახაობრივი თამაში მისი მთავარი კოზირია. ტიტეს გუნდი კარგად კომბინირებდა, მომენტებსაც ქმნიდა და უპირატესობა მალევე გოლშიც ასახა, როდესაც მე-20 წუთზე ფილიპე კოუტინიომ საფირმო უძლიერესი დარტყმით გაისროლა ბურთი და როსტოვის სტადიონს შედევრი აჩუქა. გოლის შემდეგ ბრაზილიამ ტემპი დააგდო, მანამდე უხეიროდ მოთამაშე შვეიცარიამ კი ნელ-ნელა მოუმატა.

მეორე ტაიმში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სტივენ ცუბერმა თავი შეაგება და ანგარიში გაათანაბრა. ბრაზილიელები ჯარიმაზე აპელირებდნენ, რადგან გოლის ავტორმა ცენტრალურ მცველ მირანდას ხელი ჰკრა, რაც თითქოს მართლაც ჰგავდა წესების დარღვევას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გოლის მომენტში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების დაცვა გაუნძრევლად იდგა. ამის შემდეგ კვლავ შეუტია ფავორიტმა ბრაზილიამ და გოლის გატანასთან ახლოსაც იყო რამდენიმე ეპიზოდში, მაგრამ ხან „ნეიტრალთა“ მეკარე იან ზომერი ირჯებოდა კარგად, ხანაც ბრაზილიელებს არ უმართლებდათ. ერთ მომენტში მსაჯს პენალტის დანიშვნაც შეეძლო, თუმცა წაქცეული გაბრიელ ჟეზუსი სიმულაციაში დადანაშაულდა. საბოლოოდ მეტი გოლი აღარ გავიდა და შვეიცარიის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 1978 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ბრაზილიამ მუნდიალი გამარჯვებით ვერ დაიწყო.

ამავე ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში სერბებმა კოსტა რიკელებს ალექსანდარ კოლაროვის ულამაზესი საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით სძლიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]