weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არგენტინა მერვედფინალშია

10:40 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

მე-3 ტურის გადამწყვეტი შეხვედრები კიდევ ორ ქვეჯგუფში გაიმართა და რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ რამდენიმე მერვედფინალისტი გამოვლინდა. საყოველთაო ინტერესი არსებობდა ნიგერია-არგენტინის მატჩში, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა ურთულესი ამოცანა გადაჭრა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ძლიერ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

C ჯგუფში საფრანგეთი-დანიის შეხვედრა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, უინტერესოდ წარიმართა და უგოლო ფრით დასრულდა. ყაიმი ორივე გუნდს აწყობდა, რათა მერვედფინალში ეასპარეზათ და მატჩიც თითქოს ფორმალობას ჰგავდა, რადგან ევროპული გუნდები თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ და თავსაც არ იკლავდნენ შეტევებით, ნულოვანმა ფრემ პირველ ადგილზე დიდიე დეშანის გუნდი გაიყვანა, მეორეზე კი - დანია.

ამავე ქვეჯგუფის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, რომელსაც სოჭის სტადიონმა „ფიშტმა“ უმასპინძლა, ავსტრალიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდათ, ამავდროულად საფრანგეთს დანიისთვის უნდა მოეგო, მაგრამ ზემოთხსენებულ ფრეს რომ თავი გავანებოთ, ბერტ ვან მარვეიკის გუნდმა საკუარი შეხვედრა უკვე გავარდნილ პერუსთან წააგო. სამხრეთ ამერიკელებმა, რომლებსაც წინა ორ შეხვედრაში არ უმართლებდათ, „კარი გაიჯახუნეს“ და 1978 წლის შემდეგ პირველად შეძლეს მუნდიალზე გამარჯვება. „ინკებმა“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს „სოკერუებს“ და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვალი მოიხადეს. აღსანიშნავია, პერუელთა კაპიტნის, 34 წლის ფორვარდ პაოლო გერეროს მიერ გატანილი გოლი - მოგეხსენებათ, დიდი შანსი იყო ვეტერან ფეხბურთელსა და პერუს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეს დოპინგ სკანდალის გამო საერთოდ ვერ მიეღო მონაწილეობა ამ ჩემპიონატზე.

D ჯგუფის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში შედგა. რეორგანიზებულმა არგენტინამ ნიგერიელებს პირველივე წუთებიდან შეუტია და მე-14 წუთზე გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ უმაღლესი ტექნიკა კიდევ ერთხელ გამოავლინა - ევერ ბანეგას გრძელი გადაცემა მესიმ ერთი შეხებით მუხლით მიიღო, ბურთი ჩამოიღო და არადომინანტი მარჯვენით გადაგზავნა აფრიკელთა კარში. არგენტინელებს ფრთები შეესხათ და კიდევ უფრო კარგად ათამაშდნენ. მეორე გოლთან ახლოს კვლავ მესი იყო, რომლის შესრულებულ საჯარიმო დარტყმულს უმცირესი სიზუსტე დააკლდა და ბურთიც ძელმა უკუაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინა პენალტით დაისაჯა - ხაიერ მასკერანოზე ჯარიმა დაფიქსირდა, თუმცა გამეორებებზე გამოჩნდა, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი თავად უფრო არღვევდა წესს არგენტინელზე, ასეა თუ ისე, თურქმა რეფერი ჯუნეით ჩაქირმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად აუღელვებლად აქცია „ჩელსის“ გარემარბმა ვიქტორ მოუზესმა. არგენტინის ნაკრები ანერვიულდა და ქაოტური თამაში დაიწყო, ნიგერიელებს კი, რომლებიც ყაიმის შემთხვევაშიც გადიოდნენ მერვედფინალში, ხელ-ფეხი გაეხსნათ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ სახელოვანი მეტოქის შევიწროვებას. მალევე მაყურებელმა კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იხილა: მარკოს როხო თავით თამაშისას ბურთს ხელით შეეხო, ნიგერია მეორე პენალტს ითხოვდა, თურქმა მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ხილვის მიუხედავად, არგენტინის ნაკრები აღარ გაწირა. მატჩი კულმინაციისკენ წავიდა, ბოლო წუთებში ბურთს არგენტინა ფლობდა და ისევ და ისევ კლასის ხარჯზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა - მარჯვენა მცველ გაბრიელ მერკადოს გამოზომილ ჩაწოდებას ფეხი ასევე მცველმა მარკოს როხომ დაუხვედრა და არგენტინელები სიხარულისგან ჭკუიდან შეშალა. სხვათა შორის, წინა მუნდიალზე ნიგერია-არგენტინის შეხვედრაშიც გამარჯვების გოლი ასევე როხომ გაიტანა. საბოლოოდ, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ისლანდია დამარცხდა, მერვედფინალის საგზური არგენტინას ერგო.

ამავე ქვეჯგუფის ლიდერმა ხორვატიამ ისლანდიასთან მატჩში შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა და სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ სამი ძირითადის ფეხბურთელი დატოვა. ამის მიუხედავად, ხორვატებმა ჩრდილოელები უშეღავათო ბრძოლაში მაინც დაამარცხეს და მესამე გამარჯვება მოიპოვეს. ჰეიმირ ჰალგრიმსონის შეგირდებმა ბევრი მომენტი შექმნეს, ფრეს მაინც იმსახურებდნენ, მაგრამ ზლატკო დალიჩის გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველა ფეხბურთელი გადასარევ ფორმაში ჰყავს და შორს მიმავალი გეგმები გააჩნია. კარგი მატჩი ჩაატარეს „გენტის“ მეკარე ლოვრე კალინიჩმა და „ფიორენტინას“ შუახაზელმა მილან ბადელიმ.

ამრიგად, მერვედფინალში ერთმანეთს საფრანგეთი-არგენტინა და ხორვატია-დანია შეხვდებიან.

C ჯგუფი:

1. საფრანგეთი - 7 ქულა, ბურთები 3:1

2. დანია - 5 ქულა, ბურთები 2:1

3. პერუ - 3 ქულა, ბურთები 2:2

4. ავსტრალია - 1 ქულა, 2:5

D ჯგუფი:

1. ხორვატია - 9 ქულა, ბურთები 7:1

2. არგენტინა - 4 ქულა, ბურთები 3:5

3. ნიგერია - 3 ქულა, ბურთები 3:4

4. ისლანდია - 1 ქულა, ბურთები 2:5

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]