weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნეიმარი ბრაზილიას მეოთხედფინალში გაუძღვა

21:39 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკის ნაკრებს ზედმეტი გართულებების გარეშე სძლია და მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა. „სელესაოს“ ნეიმარმა ულიდერა, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

საწყის წუთებში მექსიკელები ბრაზილიას არათუ რამეში ჩამოუვარდებოდნენ, არამედ სახელოვან მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდნენ და მეტოქის საჯარიმოშიც აღწევდნენ. ტიტეს გუნდმა ბრჭყალები 25 წუთის შემდეგ გამოაჩინა და საპასუხო რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა.

სამარაში უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ბრაზილიამ უკეთ დაიწყო და მექსიკელთა კართან გვარიანად „ჩამოცხა“ კიდეც. ლოგიკურად მომწიფებულმა გოლმა არ დაახანა - ნეიმარის აქტიურობის შემდეგ „აცტეკების“ საჯარიმოში ვილიანი შეიჭრა და გადაცემა გააკეთა, რომელსაც ნეიმარი შეწვდა და ანგარიში გახსნა. „კანარინიოს“ კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა გილერმო ოჩოამ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გოლკიპერია და რამდენიმე „მკვდარი ბურთი“ აიღო. ამის შემდეგ ბრაზილიელემა ინიციატივა მეტოქეს დაუთმეს და უკან დაიხიეს. მექსიკა უტევდა, თუმცა ბრაზილიელთა დაცვით ბასტიონებს ვერაფერს უხერხებდა და კონტრშეტევაზე მეორე გოლიც გაუშვა - ამჯერად საჯარიმოში ნეიმარი შეიჭრა და გატანა სცადა, თუმცა საგოლე გადაცემა გამოუვიდა, რადგან ოჩოა ბურთს შეეხო, დაუცველ კარში კი შეცვლაზე შესულმა რობერტო ფირმინომ იყოჩაღა და „პენტაკამპეონების“ უპირატესობა სოლიდური გახადა. საბოლოო შეფასებით უნდა ითქვას, რომ ბრაზილიამ იმდენი ენერგია დახარჯა, რამდენიც საჭირო იყო და მეტოქეს იოლად სძლია.

ბრაზილია მეოთხედფინალში ბელგია-იაპონიის მერვედფინალურ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]