weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ტიტემ კონტრაქტი გააგრძელა

14:27 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ რუსეთში გამართული მუნდიალის მეოთხედფინალში მარცხის მიუხედავად, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობა გააგრძელა. ადენორ ლეონარდო ბაკი იგივე ტიტე პოსტზე კიდევ ოთხი წლით იმუშავებს და „სელესაოს“ ყატარში გასამართ მსოფლიო პირველობაზეც უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრების არსებობის ისტორიაში მეორედ მოხდა, როდესაც მსოფლიო პირველობის ვერმოგების შემდეგ მწვრთნელი პოსტზე დარჩა - პირველად ასეთი გადაწყვეტილება 1978 წელს, კლაუდიო კოუტინიოს შემთხვევაში მიიღეს, როდესაც ბრაზილიის ნაკრებმა იმ წლის მუნდიალზე მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ტიტემ ნაკრები 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და კრიზისში მყოფი გუნდი მოკლე დროში აქცია ანგარიშგასაწევ ძალად. სამშობლოში მისი გარჯით უმრავლესობა კმაყოფილი იყო, რადგან „სელესაომ“ მისი თავკაცობით შესანიშნავი შედეგები აჩვენა და რუსეთში გასამართ ჩემპიონატზე პირველი საგზური სწორედ მან მოიპოვა. ტიტეს ხელში ბრაზილიამ 26 მატჩი გამართა, საიდანაც 20 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.

რაც შეეხება ბელგიის ნაკრებთან მარცხს, უმრავლესობის შეფასებით, წარუმატებლობა ფავორიტ ბრაზილიელთა უიღბლობას დაბრალდა და ბრაზილიაში ჩატარებული უამრავი გამოკითხვის მიხედვით, გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი გუნდში ტიტეს დარჩენას მიემხრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]