weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დასრულდა

11:05 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები დასრულდა. რამდენიმე პრინციპულ დაპირისპირებაში საინტერესო შედეგები დაფიქსირდა და შემდეგი ტურებისთვის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი კიდევ უფრო დაიძაბა.

A ჯგუფში ორივე მასპინძელმა ფავორიტმა გუნდმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. „ატლეტიკომ“ ბელგიის ჩემპიონი „ბრიუგე“ მეორე ტაიმში დაჯაბნა, „ბორუსიამ“ კი უფრო დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო ხანს დასუსტებულ „მონაკოსთან“ ასევე მეორე ტაიმში მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ დორტმუნდელებმა პენალტიც გააფუჭეს - პაკო ალკასერის დარტყმული ხარიხამ უკუაგდო, თუმცა ესპანელმა ფორვარდმა ორ წუთში მაინც გაუტანა მონეგასკებს. შემდეგ ორ ტურში ერთმანეთს სწორედ მადრიდული და ვესტფალიური კლუბები ხვდებიან და დიდი ალბათობით, ქვეჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსანსაც ერთმანეთში გაარკვევენ.

მადრიდის ატლეტიკო - ბრიუგე 3:1

1:0 გრიზმანი (28) 1:1 გრუნეველდი (39) 2:1 გრიზმანი (67) 3:1 კოკე (90+4).

დორტმუნდის ბორუსია - მონაკო 3:0

ბრუუნ ლარსენი (51), ალკასერი (72), როისი (90+2).

სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონის „უემბლიზე“ შედგა, სადაც ნომინალური მასპინძელი „ტოტენჰემი“ კატალონიურ „ბარსელონასთან“ ვერაფერს გახდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ერთი თავით სჯობდა საკადრო პრობლემების მქონე მეტოქეს. „ბარსა“ ჯერ ფილიპე კოუტინიოს სწრაფი გოლით დაწინაურდა, შემდეგ კი ივან რაკიტიჩის უძლიერესი გასროლით ტაიმი სოლიდური უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში ლიონელ მესის ორი აბსოლუტურად იდენტური შეტევისას მართებდა გოლების გატანა, თუმცა ტყუპისცალ ეპიზოდებისას ორივეჯერ ძელს მოარტყა ბურთი. არ გაიტან-გაგიტანენო - ნათქვამია და ლონდონელთა ლიდერმა ჰარი კეინმაც უმალ დაამტკიცა, რომ უბადლო საგოლე ალღო აქვს, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს გუნდის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე წუთში მესიმ შეცდომა გოლით გამოასწორა. „დეზებს“ მატჩის გადარჩენის იმედი კვლავ მიეცათ, როდესაც ერიკ ლამელამ რიკოშეტირებული დარტყმული გაიტანა და შემდეგ „ტოტენჰემი“ გათანაბრებას მთელი ძალებით ეცადა, თუმცა გოლი აქეთ მიიღო - ბოლო წუთზე კონტრშეტევისას მესის ისღა დარჩენოდა კომბინაცია გოლით დაესრულებინა და დუბლი გაეფორმებინა. საინტერესოა, რომ ბარსელონელთა ოთხი გოლიდან სამი ჟორდი ალბას გადაცემებით გავიდა. B ჯგუფის პარალელურად მიმდინარე შეხვედრა მილანის „ინტერმა“ მოიგო და „ბარსელონას“ მსგავსად 6 ქულას მოუყარა თავი. „პსვ ეინდჰოვენი“ ეფექტური გოლით დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რაჯა ნაინგოლანმა გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი „ნერიაძურის“ მთავარმა დამრტყმელა ძალამ მაურო იკარდიმ იხეირა და ლუჩანო სპალეტის გუნდსაც მერვედფინალში გასვლის დიდებული შანსი მიეცა.

ტოტენჰემ ჰოტსპური - ბარსელონა 2:4

0:1 ფ. კოუტინიო (2) 0:2 რაკიტიჩი (28) 1:2 კეინი (52) 1:3 მესი (56) 2:3 ლამელა (66) 2:4 მესი (90).

პსვ ეინდჰოვენი - ინტერი 1:2

1:0 როსარიო (27) 1:1 ნაინგოლანი (44) 1:2 იკარდი (60).

პრინციპული მატჩი შედგა ნეაპოლის „სტადიო სან პაოლოზე“, სადაც კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა „ნაპოლიმ“ იურგენ კლოპის „ლივერპულს“ უმასპინძლა და უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა მერსისაიდული გრანდი. ნეაპოლიტანელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ გოლის გატანას, რასაც ვერ ვიტყვით „ლივერპულზე“, რომელსაც წინა ტურის მსგავსი ენერგია და მუხტი აკლდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელები შორეული გასროლით აწუხებდნენ მეკარე ალისონს, გამარჯვების გოლი კი აქტიურმა ლორენცო ინსინიემ ჩაიწერა აქტივში და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს. ქვეჯგუფის მეორე შეხვედრა მოლოდინისამებრ „პარი სენ-ჟერმენის“ იოლი გამარჯვებით დასრულდა. თომას ტუხელის ვარსკვლავურმა კრებულმა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ არ დაინდო და 6 გოლით დასაჯა, თავად კი ყველასგან დავიწყებული მარკო მარინისგან პრესტიჟის გოლი გაუშვა. პარიზელთა რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა ნეიმარმა, რომელმაც ორი გოლი უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმებით გაიტანა და შეხვედრაშიც არაერთი ლამაზი მომენტით ასიამოვნა პუბლიკა. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე 30 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით თანამემამულეთა შორის კაკას დაეწია. სხვათა შორის, C ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა და მომდევნო ტურებშიც საფეხბურთო საზოგადოება უშეღავათო ბრძოლების მომსწრე გახდება.

ნაპოლი - ლივერპული 1:0

ლ. ინსინიე (90).

პარი სენ-ჟერმენი - ცრვენა ზვეზდა 6:1

1:0 ნეიმარი (20) 1:0 ნეიმარი (22) 3:0 კავანი (37) 4:0 დი მარია (42) 5:0 მბაპე (70) 5:1 მარინი (74) 6:1 ნეიმარი (81).

ქართველთა ყურადღება D ჯგუფისკენაც იყო მიპყრობილი, სადაც საბა კვერკველიას გუნდი გამოდის, თუმცა მოსკოვის „ლოკომოტივზე“ სათქმელი ბევრი არაფერია. იური სიომინის გუნდი მიმდინარე სეზონში უხეიროდ ასპარეზობს როგორც შიდა, ასევე - ევროსარბიელზე. მოსკოველი „რკინიგზელები“ შინ „შალკესთან“ დამარცხდნენ ყველაზე სუსტად მონათლული ქვეჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად დაკარგეს. საქართველოს ნაკრების წევრმა კვერკველიამ ხსენებული შეხვედრა სრულად ჩაატარა. თავისი მატჩი მოიგო „პორტომ“, რომელმაც საკუთარ მინდორზე ფათიჰ თერიმის „გალათასარაის“ სძლია და უაღრესად საჭირო სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მოსკოვის ლოკომოტივი - შალკე 04 0:1

მაკკენი (88).

პორტო - გალათასარაი 1:0

მარეგა (49).

 

ამ თემაზე:

„რეალის“ მარცხი მოსკოვში და ანტირეკორდები

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]