weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

უკვე შევძლებთ ქუჩებში მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ – თურნავა

12:44 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

„როგორც ეკონომიკის მინისტრს, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში პირველი უცხოელი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას ინფორმაციით, ავიარეისებზე, რომლებიც პარიზიდან და მიუნხენიდან შესრულდა და რაც ევროპიდან შესრულდება, მგზავრების ¾ უცხოელი ტურისტები არიან.

„აქედან გამომდინარე, უკვე შევძლებთ ქუჩებში მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით.

აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთჰანზა“, სრულდება მიუნხენის რეისები. „ეარ ფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება პარიზიდან, ხოლო ხვალ ჩამოფრინდება „ეარ ბალტიკის“ პირველი რეისი რიგიდან. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს და 16-მდე კომერციული ჩარტერია დაგეგმილი თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა კომპანიებთან არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდ, პირველ რიგში, ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენას, თურნავამ თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით მთავრობამ „ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მით უფრო მეორე ტალღის მოლოდინში“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გუშინ პარიზიდან თბილისში 188 ადამიანი ჩამოფრინდა, საიდანაც „აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები იყვნენ“.

რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ“, სადაც ნათქვამია, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე 8 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და „უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის“. ასოციაცია ითხოვს, რომ გიდებსა და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს სახელმწიფომ დამატებითი კომპენსაცია მისცეს. გარდა ამისა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - Wizz Air-სა და Ryanair-ს ფრენის უფლება მიეცეთ.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნა. მთავრობა მარტში შეჩერებული რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმი აგვისტოშიც გაგრძელდა. Wizz Air-სა და Ryanair-ს ფრენის საშუალება ჯერ არ ეძლევათ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, დაბალბიუჯეტური კომპანიები მთავრობას ათზე მეტი მიმართულებით ფრენას სთავაზობდნენ, რაც კვირაში 20-ზე მეტი ავიარეისია. თურნავას განმარტებით, ეს ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს ნიშნავს, რისთვისაც საქართველო ჯერ მზად არაა. 

მთავრობის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტის განხორციელება მხოლოდ პირდაპირი ფრენებით შეუძლიათ. მათ სავალდებული 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]