weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სვანეთის სოფელ იელში საწარმოო წესით ოქროს მოპოვების აკრძალვას ითხოვენ

11:17 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019
ფოტო: სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა ფოტო: სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა

სვანეთის მცხოვრებლების ნაწილი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში საწარმოო წესით ოქროს მოპოვებისა და წარმოების აკრძალვას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით თბილისში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც მიმართვა შეიმუშავეს. მიმართვის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ასევე, საპატრიარქო. მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყო.

სვანეთში საწარმოო წესით ოქროს წარმოების აკრძალვის მიზნით რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ხატზე დაიფიცა. მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მოპოვება და წარმოება ქიმიური ნივთიერებების, კერძოდ, ციანიდის გამოყენებით მოხდება, რაც რეგიონის ეკოლოგიისთვის კატასტროფულ შედეგს მოიტანს. ისინი პროექტის შეჩერებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მის განხორციელებას არ დაუშვებენ.

„სვანეთის მომავალს ჩვენ ვხედავთ ტურიზმის, მათ შორის ეკოლოგიური და ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაში, ასევე სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაში და არა წიაღისეულის ერთჯერადი მოპოვებით სვანეთის ბუნების განადგურებაში.

სვანეთში ოქროს მოპოვების სასარგებლოდ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, მათ შორის, ლიცენზიის გაცემას და მის ფარგლებში სამუშაოების განხორციელებას, სვანეთის მოსახლეობა მიიჩნევს სვანეთის ეკოლოგიური სისტემის და შესაბამისად, სვანეთის განადგურების, სვანეთიდან მოსახლეობის აყრის მცდელობად, რაც ჩვენს მიერ განიხილება სვანეთის და სრულიად საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“, - ნათქვამია პეტიციაში, რომელიც შეხვედრაზე წაიკითხეს.

შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გოგა დადვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ ადგილობრივების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, „ერთმანეთში დაპირისპირება მოხდება“: „ჩვენი ძალიან დიდი საზრუნავია ის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ აუცილებლად სისხლისღვრამდე მივა ეს ყველაფერი“.

თბილისში გამართულ შეხვედრას გარემოსდამცველებიც ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორის, ნინო გუჯარაიძის განცხადებით, საწარმოო წესით ოქროს მოპოვების შედეგად ადგილობრივ ეკოსისტემას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

„ადამიანებს არავინ უხსნის რა ტიპის საქმიანობაა ეს, რა რისკები შეიძლება მოჰყვეს და როგორ შეიძლება ამ რისკების თავიდან აცილება ან შემსუბუქება. ფაქტობრივად მთელი სოფლის ტერიტორია უნდა მოიჭრას, გადამუშავდეს და დაბრუნდეს უკან ეს ქვიშა-ხრეში. კომპანია აქამდე ამბობდა, გავრეცხავთ და დავაბრუნებთ უკან, რა მოხდება, რა შეიძლება ამით დაშავდესო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში ზემოქმედება არის ძალიან დიდი, ეკოსისტემა აბსოლუტურად ირღვევა და ასეთი ზემოქმედების შემდეგ ნაკლებად აღდგენადია“, - განაცხადა ნინო გუჯარაიძემ ჟურნალისტებთან.

ოქროს მომპოვებელმა ჩინურმა კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკ“-მა (Optical Systems Inc) სოფელ იელში აქტიური სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. ერთ-ერთი ბოლო საპროტესტო აქცია იელში გასული წლის ნოემბერში გაიმართა.

„ოპტიკალ სისტემს ინკ“-მა სოფელ იელში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვების მიზნით 15-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2005 წელს მიიღო. სალიცენზიო ტერიტორიის ფართობი 390 კვადრატურლი კილომეტრია. 2016 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სალიცენზიო ტერიტორია შეამოწმა, რის შედეგადაც იქ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ დადასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]