weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვების ტელემეტრია დაიწყო

15:34 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვების ტელემეტრიული კვლევა დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა კავკასიაში, როდესაც ჯიხვების გადაადგილებაზე დაკვირვება სატელიტური გადამცემიანი ყელსაბამების მეშვეობით ჩატარება. კვლევას სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი („ნაკრესი“) ახორციელებს.

„ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ბეჟან ლორთქიფანიძის განმარტებით, ტელემეტრიული კვლევა ცხოველის უვნებლად დაჭერას, ე.წ. რადიო ყელსაბამის შებმას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. ყელსაბამი გარკვეული პერიოდულობით ცხოველის ადგილსამყოფელს ადგენს და სატელიტის მეშვეობით ინფორმაციას კომპიუტერს აწვდის.

„გადაადგილების მონიტორინგის შედეგად დადგინდება, თუ რამდენ მანძილს გადის ჯიხვი, ცხოვრების მანძილზე დაცულ ტერიტორიებში რა ადგილებს იყენებს, მოდის თუ არა ახლოს, გაურბის თუ არა ხალხს და რა მანძილზე გაურბის. ასევე, შეგვიძლია გავიგოთ როგორ ზემოქმედებს ტურიზმი ჯიხვის პოპულაციაზე. დაახლოებით წელიწადის – წელიწადნახევრის განმავლობაში ჯიხვების გადაადგილების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მოგროვებას შევძლებთ“, – უთხრა „რეგინფოს“ ბეჟან ლორთქიფანიძემ.

ტელემეტრიის შედეგად მიღებული ინფორმაცია სპეციალისტებს ჯიხვების მონიტორინგის მეთოდების გაუმჯობესებასა და პოპულაციის მდგომარეობის შესწავლაში დაეხმარება.

„ჯიხვი მხოლოდ ჩვენ, აზერბაიჯანსა და რუსეთს გვყავს. ჩემი ინფორმაციით, კავკასიაში პირველად ხდება, რომ ჯიხვს სატელიტური გადამცემი შევაბით და ამ გზით ხდება მისი მონიტორინგი.

მოსამზადებელი ეტაპისთვის დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა. ჯიხვის დაჭერის პირველი ცდა გასული წლის დეკემბერში უშედეგოდ დასრულა. ახლა ეს პროცესი განვაახლეთ და დაახლოებით ორკვირიანი საველე სამუშაოების შემდეგ რადიო ყელსაბამი მხოლოდ ერთს შევაბით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ხუთ ინდივიდს დავიჭერთ“, – ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე.

2016-2017 წლების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სულ მცირე 616 ჯიხვი ბინადრობს. წინა წლებთან შედარებით ჯიხვების რაოდენობა მზარდია. ბეჟან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მათი აღრიცხვა წელსაც იგეგმება.

ჯიხვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]