weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ონში აქცია გაიმართა 

22:41 შაბათი, 04 ივლისი 2020
ფოტო: Facebook / მწვანე ალტერნატივა ფოტო: Facebook / მწვანე ალტერნატივა

რაჭაში, ადგილობრივი მცხოვრებლების, გარემოსდამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. აქციას თბილისიდან, გურიიდან, აჭარიდან, სვანეთიდან და ქვეყნის სხვა კუთხეებიდანაც შეუერთდნენ.

4 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრებილებმა მთავარ მოთხოვნად დაასახელეს ჰესების კასკადის მშენებლობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის გაუქმება. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, მთავრობამ შეაფასოს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შეადაროს ის იმ ზარალს, რაც ონის ჰესების კასკადის აშენებას მოჰყვება. 

„ხალხი ყოველთვის დავდგებით რეგიონის განვითარების მხარეს, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პროგრესს, მაგრამ არასდროს დავდებთ რიონს და რეგიონის ზარალს არანირი მატერიალური, და ისიც ბუნდოვანი, კეთილდღეობის საპირწონედ.

ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას სიჩუმეს უქადის. Ჩვენ რიონის ხმაზე გაზრდილი რაჭველები ვართ, ამიტომ არავის არასდროს მივცემთ უფლებას, რიონის გარეშე დარჩეს ხეობა“, - განაცხადა აქციაზე გამოსვლისას მოძრაობის „არა ონის კასკადს“ აქტივისტმა, თამთა მეტრეველმა.

თამთა მეტრეველის ინფორმაციით, დღესვე, სატელევიზიო ეთერში, ონის ჰესების კასკადის თემაზე დისკუსია იყო დაგეგმილი, თუმცა ჰესის მშენებელი კომპანიის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„ორი წელია ვითხოვთ, ჰესის მშენებელი კომპანია, სამინისტროს წარმომადგენელი და მოსახლეობა შევხვდეთ ერთმანეთს. ექსპერტებმა თქვან თავისი სიტყვა, მოსახლეობამ მოვისმინოთ და ჰესის მშნებელმა კომპანიამ უპასუხოს როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებს. მაგრამ ორი წლის მანძილზე ჩვენ ამ შეხვედრას ვერ მივაღწიეთ. ჟურნალისტებს ჰქონდათ ამის მცდელობა და ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო დღეს საღამოს „რეალურ სივრცეში“, მაგრამ ჰესის მშენებელმა კომპანიამ, ისევე როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს მინისტრის მოადგილემ, შეხვედრაზე უარი თქვენს. ჩვენ უარი არ გვითქვამს. მოსახლეობამ ვიცით, რასაც ვამბობთ, რასაც ვითხოვთ და შესაბამისად, არ გაქვს უკან დასახევი თემა“, - აღნიშნა თამთა მეტრეველმა.

ონის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია 4 ათასზე მეტი ძირი ხის მოჭრა; მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია; მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ; მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს; გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში; საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა; მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება.

ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე 17 მარტს გაცემული ნებართვა რამდენიმე კვირის წინ სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ბათილად ცნობა მოითხოვეს. „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომლებიც რაჭის მცხოვრებლების ინტერესებს იცავენ, აცხადებენ, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ – სს „ონის კასკადმა“ არ ჩაატარა კანონით სავალდებულო კვლევები, გარემოს დაცვის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, მშენებარე კომპანიას დაავალა, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]