weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიცია ნამოხვანის ჰესების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეკრებაში ხელს უშლიდა

19:58 კვირა, 22 ნოემბერი 2020

რაჭიდან ლეჩხუმის მიმართულებით მიმავალ აქტივისტებს, რომლებსაც სოფელ ჟონეთში ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პოლიცია შეკრების ადგილამდე მისვლაში ხელს უშლიდა.

„ვიდრე ლეჩხუმისკენ გზას დავადგებოდით, ჩვენ რომ მივედით, დახლოებით შვიდი მანქანა უკვე გაჩერებული იყო. პოლიციელებმა გვითხრეს, ქუთაისი-ალპანას გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი და ვერ გაგიშვებთო. საგზაო დეპარტამენტში დავრეკეთ, გვიპასუხეს, რომ მეწყერი არ იყო და მოძრაობა თავისუფალია. ამასობაში საპირისპირო მიმართულებითაც ჩამოიარა მანქანამ, რომლის მძღოლმაც ასევე გვითხრა, რომ არანაირი მეწყერი არაა“ - უთხრა „რეგინფოს“ გიორგი მაცაბერიძემ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში დღეს საპროტესტო აქცია მეორედ გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს პროექტის განხორციელება, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობა დატოვოს და ტექნიკა გაიყვანოს.

აქციის მონაწილეებმა განმარტება მოითხოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან. ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი უსაფრთხოა, პროტესტი განიმუხტება და წუხილი გადაჭარბებულია.

„ვერ მივაღწიეთ, რომ მოვიდეს ეს ხალხი (ხელისუფლების წარმომადგენლები) და ყველა კითხვას პასუხი გასცენ, რაც მოსახლეობისგან ისმის. მხოლოდ იმ ზოგადი სიტყვით არ შემოიფარგლნონ, რომ თითქოს ეს პროექტი სიკეთის მომტანია. ენერგოდამოუკიდებლობა რომ გვჭირდება, ამაზე არავინ დავობს. ხელშეკრულებაში, რომელიც სახელმწიფომ ამ კომპანიასთან გააფორმა, განსაზღვრული უნდა იყოს, რა მოგებას მიიღებს აქედან სახელმწიფო. რატომ არის ეს საიდუმლო? რა არის ჩაწერილი ამ დოკუმენტში, არავინ ვიცით“, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ხელშეკრულების გასაჯაროებასთან ერთად, რიონის ხეობის მცხოვრებლები მთავრობისგან ითხოვენ განმარტებას, რატომ გაიცა ნებართვა სეისმურად აქტიურ რეგიონში ამ მასშტაბის კაშხლის მშენებლობაზე.

„ეს პროექტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაიწყო. ამას რიონის ხეობა შეეწირება და შეეწირება ეს ქალაქი. ქუთაისის თავზე შენდება 110 მეტრი სიმაღლის კაშხალი, არ არსებობს არანაირი კვლევა, რომ ის არის უსაფრთხო.დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული ბეტონის ნაგებობა, რომლის უკანაც 160 მილიონი კუბური მეტრი წყალი დაგუბდება. ეს მთლიანად მეწყერსაშიში ზონაა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, რომლის ინიციატივითაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქუთაისშიც გამართეს.

სოფელ ჟონეთში, იქ, სადაც „ენკა რინიუებლზის“ ტექნიკის ბაზაა განთავსებული, რიონის ხეობის მცხოვრებლები უწყვეტ პროტესტს კვლავ გააგრძელებენ. სადღეღამისო მორიგეობის აქციაში მონაწილეობის სურვილი სხვა ადამიანებმაც გამოთქვეს. უკვე 29-ე დღეა რიონის ხეობაში აქტივისტები ღამეებს კარვებში ათევენ იმ მიზნით, რომ კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ვერ განაახლოს.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მომდევნო საპროტესტო აქცია 29 ნოემბრისთვის დაანონსდა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

 

ამ თემაზე:

რიონის ხეობის დარაჯები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]