weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რიონის ხეობაში ჰესების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

19:00 შაბათი, 16 იანვარი 2021
აქცია სოფელ ოფუჩხეთში / ქუთაისი პოსტის ფოტო აქცია სოფელ ოფუჩხეთში / ქუთაისი პოსტის ფოტო

„არ გააჩერო ნამოხვანჰესი“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „მთავრობავ, დაგვიცავი“ – ამ მოწოდებებით რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფუჩხეთში აქცია გამართა, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის განახლება მოითხოვა და ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხევაში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათივე თქმით, ინვესტორი მათ სიტყვას ისმენს და შესაძლებელია, რომ პროექტის უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

„რადგან ამ პანდემიის პერიოდში გამოჩნდა ინვესტორი, ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ მას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით განვახორციელოთ ეს პროექტი. ის არ ითვალისწინებს სოფლებიდან მოსახლეობის სრულად გასახლებას. პირიქით, უნდა მოხდეს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნება და დასაქმება. უნდა განვითარდეს ტურიზმიც.

ჩვენი პიროვნული დაპირისპირება და ვითომ გმირობა გადავდოთ მეორე პლანზე და ეს პროექტი განვახორციელოთ. თუ ეს პროექტი არ განხორციელდება, მალე ამ ხეობას ეკალ-ბარდი გაუვლის და დარჩება ლამაზი ხეობა მოსახლეობის გარეშე. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ხეობის ძირითადი მოსახლეობა, რაც ხელმოწერებითაც შეგვიძლია დავადასტუროთ“, – განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, მაია მამრიკიშვილმა.

„ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მომხრეთა თქმით, ხეობის მოსახლეობა რიონის ადიდების დროს მუდმივად წალეკვის საფრთხის წინაშეა, ჰესების აშენების შემთხვევაში კი მდინარის კალაპოტი გაკონტროლდება.

დღესვე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ ინვესტორი კომპანია შპს „ენკა რინიუებლზი“ ხეობიდან გავიდეს და ტექნიკა გაიყვანოს.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილი 25 ოქტომბრიდან კარავში ათევს ღამეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„გვეუბნებიან 3000 სამუშაო ადგილს შევქმნითო. 3000 კი არა 10 000 სამუშაო ადგილის შექმნა შეძლება გარემოს შეხების გარეშე, პატარა, მცირე ჰესები რომ ჩაალაგონ და 2 წელიწადში კი არა, 15 წელიწადში დაელოდოს სახელმწიფო განვითარებას და ეკონომიკის აღმასვლას. მე, მევენახე, მეღვინე კაცმა, რომელსაც მთელი ჩემი რესურსი ტვიშის ტერუარზე მაქვს ჩადებული, რა გავაკეთო?“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამოხვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

ქვედა ნამოხვანი ჰესის (იგივეა რაც ნამოხვანი-ჟონეთის) სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ. ჰესის მთლიანი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო წყალსაცავის კუდი ხვდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქორენიშსა და ორხვიში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. 2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი დაახლოებით 170-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე მოხდა რაჭაში 1991 წელს; ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ჯიშის ვაზის ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]