weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

არ გვაქვს რესურსი, ონისა და ნამახვანჰესის შეწყვეტაზე პეტიცია განვიხილოთ - პარლამენტი

15:48 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021
ფოტო © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო © სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

„პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, ასეთ სიღრმეებში შეჰყვეს ამ საკითხების განხილვას. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პეტიცია გადავუგზავნოთ შესაბამის სამინისტროებს, რათა ავტორებს უპასუხონ ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილი იყო“, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და 10 ათასზე მეტი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომელიც რიონის ხეობაში ონისა და ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და მის შესწავლას ითხოვს, განსახილველად ისევ მთავრობას გაუგზავნა. 

„როდესაც პეტიციას ამდენი ადამიანი აწერს ხელს, პარლამენტი ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსთხოვოს, წარმოადგინოს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და განიხილოს ის. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთი პირობა, რომლის შესრულებასაც მოვითხოვთ, არის ის, რომ ვიდრე არ დავბრუნდებით საწყის ეტაპზე და პროექტის საჯარო განხილვები არ დაიწყება, მანამდე შეწყდეს მუშაობის პროცესი, რომელიც რიონის ხეობას ანადგურებს“, – აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაცია „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა, ვიდრე სონღულაშვილი კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. 

გოლეთიანის თქმით, ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ იმაში, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტის გზა აქვთ არჩეული.

„უკვე ერთი წელი გადის, რაც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და ყველანაირ გონივრულ ვადას გასცდა ამ სარჩელის განხილვა. მინდა, თქვენი ყურადღება ამაზეც იყოს მიპყრობილი. რატომ ხდება ეს ასე? პოლიტიკური ნებაა, რომ ეს ასე იყოს? და თუ არ არის, მაშინ რატომ არის ეს სარჩელი ასე გაჭიანურებული“, – თქვა გოლეთიანმა.

კომიტეტის სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ, ჰესების პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯარო განხილვა საკომიტეტო სხდომების ფორმატში, მინისტრების მონაწილეობით მომხდარიყო.

„პეტიციის მიზანი იყო, ჰესების საკითხზე პარლამენტს საზედამხედველო მანდატი გამოყენებინა და თავად შეესწავლა მთავრობის გადაწყვეტილებები. კომიტეტმა გვიპასუხა, რომ არ აქვთ რესურსი. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს არ აქვს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების რესურსი და პეტიცია მთავრობასთან გადააგზავნა, რომელიც ყველა ამ უკანონო გადაწყვეტილების ავტორია“, - ასე შეაფასა სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება ლინა ღვინიანიძემ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ელექტრონული პეტიცია გასული წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნდა და მალევე მოაგროვა 10 ათასზე მეტი ადამიანის ხელმოწერა. პეტიციის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტებზე დადებითი გადაწყვეტილებები მოსახლეობისა და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გასცა. გარდა ამისა, პროექტების განხორციელება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დასაბუთებული არ არის.

პეტიციით ითხოვენ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა; დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები; მთავრობამ შეწყვიტოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება; გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]