weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

ნამახვანჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზუთხის გამრავლებას – FFI პროექტის შეჩერებას ითხოვს

16:57 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 hits 493

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“ (FFI) საქართველოს წარმომადგენლობა მთავრობას მოუწოდებს, შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებლად შესასწავლია არსებული და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების ზეგავლენა მდინარე რიონის დინების რეჟიმზე, ასევე, უნდა შემუშავდეს რიონის აუზის ერთიანი მართვის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის მონიტორინგი, მათ შორის ზუთხის პოპულაციაზე.

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი საქართველოს“ განცხადებით, ისინი თავიდანვე ითხოვდნენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ქვედა ნამახვანი ჰესის“ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გაეცა, თუმცა 2020 წლის 28 თებერვალს გადაწყვეტილება მაინც გაიცა და მოთხოვნებში, ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შენიშვნები ან არასრულფასოვნად აისახა ან საერთოდ უგულებელყოფილი დარჩა.

„მთავარ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ სამინისტრო ზუთხისებრებზე და ზოგადად, იქტიოფაუნაზე არასაკმარის კვლევებზე დაყრდნობით გასცემს დადებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ავალდებულებს კომპანიას შესაბამისი კვლევების განხორციელების დასრულებას.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მდინარე რიონზე უკვე არსებული ჰესების ზეგავლენაზე და არ არის წარმოდგენილი ის შესაძლო კუმულაციური ზეგავლენა, რაც ახალი ჰესის მშენებლობამ და ფუნქციონირებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სამინისტროსთვის მისაღებია მშენებლობის დაწყება და შემდგომ, ექსპლუატაციაში შესვლამდე დამატებითი დეტალური კვლევების წარდგენა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - თუ კვლევების შედეგები ცხადყოფენ, რომ პროექტს ექნება მკვეთრი ნეგატიური ზეგავლენა და მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება, რა მოხდება ამ შემთხვევაში? ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და შესწავლილი უნდა იქნას მშენებლობის დაწყებამდე, რათა თავიდან ავირიდოთ შეუქცევადი პროცესები“, – აცხადებს „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი საქართველო“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი, ან ძალიან ზოგადია ბიომრავალფეროვნების აღდგენის და ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებები, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გეგმა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ეტაპზე ზემოქმედების თავიდან აცილების, შემსუბუქების ან/და კომპენსირებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. 

გზშ-ს ანგარიშის მიხედვით, მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე და მყარი ნატანის მოძრაობაზე (შესაბამისად, მდინარის ბიომრავალფეროვნებაზე და ზუთხის სასიცოცხლო ციკლზე) ჰესის ზეგავლენის რისკების შემარბილებელ ღონისძიებად ეკოლოგიური ხარჯის გატარება მოიაზრება და სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას მხოლოდ მდინარის ხარჯის განსაზღვრა ევალება, რაც „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“ შეფასებით, საკმარისი არ არის.

„მდინარის ჩამონატანის ზეგავლენის შეფასებისთვის ზუთხისებრთა საქვირითე არეალზე - ქალაქ სამტრედიასთან, საკვებ არეალზე - ზღვის შესართავთან, დინების სიჩქარეზე, ტემპერატურაზე, წყლის სიმღვრივეზე, მდინარის წყლის დონის მკვეთრ ცვლილებაზე, ასევე, ზუთხისებრთა საკვებ ბენთოსურ უხერხემლოებზე, შპს „ენკა რინიუებლზს“ სამინისტროს მიერ დაევალა მხოლოდ მდინარის წყლის ტემპერატურის მონიტორინგი, რაც არასაკმარისია“, – აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია.

„ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ მიიჩნევს, რომ გზშ-ს ანგარიშში ბიომრავალფეროვნებისთვის/იქტიოფაუნისთვის შესაძლო საფრთხის გამოსავლენად არასრულფასოვანი კვლევაა ჩატარებული.

„არ არის კარგად დასაბუთებული ის, რომ განსაზღვრული საქმიანობა არ გამოიწვევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესებას“, – აღნიშნავს „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“.

ზუთხის ყველა სახეობა საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი, მათ შორის ზოგიერთი კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშეა. „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“ განცხადებით, საქართველოს, სხვადასხვა კონვენციაზე მიერთებით და საერთაშორისო შეთანხმებით, ზუთხისებრთა დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, რიონი კი ზუთხისებრთა სახეობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა.

„რიონი წარმოადგენს ერთადერთ ფუნქციურ მდინარეს ზუთხის გამრავლებისთვის შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რიონში გავრცელებულია ზუთხისებრთა ექვსი სახეობა. ზუთხის ყველა სახეობა დაცულია ეროვნული კანონმდებლობით. მიგვაჩნია, რომ მდინარე რიონის მართვის მთავრი მიზანი უნდა იყოს ზუთხისებრთა საქვირითე არეალების აღდგენა.

ქართველი მეთევზეები, შავ ზღვაზე და მდინარეებზე არსებული მდგომარეობის გამო, სავალალო მდგომარეობაში არიან, მათი მომავლის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა, თევზებისა და მათი ქვირითობის ადგილების დაცვა, თუ თევზი გაქრა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ ექნება საკვები და შემოსავლის ერთ-ერთი წყარო“, – აცხადებს „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“.

ორგანიზაცია ითხოვს, რომ შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის მშენებლობის პროცესი არ გააგრძელოს მანამ, ვიდრე არ მოხდება რიონის აუზის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების კარგად შესწავლა და არ გაკეთდება „სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება“.

ინვესტორი კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერებას ითხოვს კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია – „მწვანე ალტერნატივა“. მათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩივრით მიმართეს. როგორც გაირკვა, შპს „ენკა რინიუებლზი“ სამუშაოებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევით ახორციელებს, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული მონტორინგის შედეგად დაადგინეს. დეპარტამენტმა 2021 წლის 18 იანვარს „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინა, რომელიც, შემოწმების მასალებთან ერთად, განსახილველად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში გაიგზავნა. ყოველივე ამის მიუხედავად, ინვესტორი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]