weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქვემო ალვანში ალაზანი გარკვეულ მონაკვეთზე წელსაც შრება

11:42 შაბათი, 03 ივლისი 2021

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში, დაახლოებით 3 კილომეტრზე მდინარე ალაზანი პერიოდულად შრება. ზაფხულში, რამდენიმე დღის განმავლობაში, კალაპოტში წყალი არ მოედინება. გარდა იმისა, რომ თევზი იხოცება, სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემაც აქვს.

მსგავსი სიტუაცია შარშან და შარშანწინაც იყო. ქვემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენლის, მერაბ ოთიურიძის თქმით, იმის გამო, რომ გუშინ მთაში წვიმა მოვიდა, დღეს კალაპოტში წყლის მატება შეინიშნება. მანამდე, ორი დღე კალაპოტი დამშრალი იყო. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„ალაზანზე წყალი არასდროს დაწყდება, თუკი მთლიანად არ გაუშვებენ გურჯაანის მიმართულებით სარწყავ სისტემაში. რა ვქნათ, ის სოფლის მეურნეობაც რომ გვინდა? ფლორაც გვინდა, ფაუნაც და სოფლის მეურნეობაც. ამ სამ კილომეტრზე შრება წყალი, მერე, ქვემო ალვანის ბოლოდან, ბაბანეურიდან მომდინარე ფშების წყალი ავსებს ალაზანს. სარწყავი სისტემა მატნის თავშია, იქ კეტავენ და მიდის ალაზნის სარწყავ სისტემაში. ზემო ალვანს მიეწოდება სარწყავი წყალი და ჩვენამდე აღარ აღწევს. წყაროს წყალზე, წვეთოვნებზეა ხალხი გადასული. ჩვენი თხოვნაა, წყალი იმ დოზით მაინც გამოუშვან, რომ კალაპოტი მთლიანად არ დაშრეს“, – განაცხადა მერაბ ოთიურიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონალური სამსახურის ზემო ალაზნის სერვისცენტრის უფროსის, იოსებ გიგოლაშვილის განცხადებით, მდინარის დაშრობა მელიორაციას არ უკავშირდება და სარწყავი სისტემისთვის იმ ოდენობის წყალს იღებენ, რაც კანონით აქვთ დადგენილი.

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ზუსტად კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ. ჩვენი მხრიდან რომ გამოწვეული იყოს წყალმცირეობა, ასეთი რაღაც არ არსებობს. მიზეზი არის მდინარის კალაპოტიდან თვითნებური წყალაღებები, რომელიც მთლიან პერიმეტრზე ხორციელდება დიუსიდან წამოსული ქვემო ალვანით დამთავრებული. ეს არის პრობლემა. გარემოს დაცვის პრეროგატივაა და შეუძლიათ, ნახონ სათავეებზე რა რაოდენობის წყალია ჩვენს მიერ დატოვებული“, – ამბობს იოსებ გიგოლაშვილი.

დამშრალი მდინარის ამსახველი კადრები სოციალური ქსელის საჯარო ჯგუფში Facebook-ის მომხმარებელმა გუშინ გაავრცელა. ამ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომენტარის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]