weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გოლეთიანის თქმით, მედიაციამ ნამახვანჰესის პროექტზე კითხვებს პასუხი არ გასცა

18:30 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესის დასრულებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით დაწყებულ მედიაციას დღეს არსებული სურათი მეტ-ნაკლებად უნდა შეეცვალა და პროექტის შესახებ არსებულ კითხვებზე კომპეტენტრური პასუხები გაეცა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 

გოლეთიანის განცხადებით, მედიატორმა თავის საბოლოო ანგარიშში თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დამოუკიდებელ შეფასებებს იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ პროექტი გაგრძელდება. 

„ეს მიუღებელია, რადგან ეს უნდა კეთდებოდეს არა მიმდინარე ფაზაში, როცა ხეობა ნადგურდება და არ ვიცით, რა ზიანს გვაყენებს ესა თუ ის კომპანია, არამედ მანამდე უნდა გაკეთდეს, ვიდრე ეს ზიანი მოგვადგება. ყოველთვის ამ ლოგიკით მივყვებოდით პროცესს და ეს იყო ჩვენი მოთხოვნაც - შეჩერდეს სამუშაოები, გამოვიკვლიოთ და რასაც გვაჩვენებს დამოუკიდებელი კვლევა, ობიექტური შეფასება, იმის მიხედვით გავაგრძელოთ ყველაფერი.

მედიაცია დავტოვეთ იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენი აზრით, მიმდინარე საკითხები არ გადაწყდა სწორად და სამართლიანად. მედიაციის პროცესი იყოფოდა ორ ნაწილად - პირველი იყო დეესკალაციის ნაწილი, სადაც ჩვენ პირობები გვქონდა დაყენებული, მათ შორის, ხეობაში თავისუფალი გადაადგილება, ბარიკადების აღება, ჩვენი პროტესტის ადგილზე დაბრუნება და მუშა პროცესის შეჩერება. ეს იყო ჩვენი მოთხოვნები, საიდანაც ზოგი ნაწილობრივ შესრულდა, ზოგი არ შესრულდა. მედიაციის მეორე ნაწილი გულისხმობდა იმას, რომ დამოუკიდებელი შემფასებელი კომპანია შეგვერჩია. კომპანიაზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მედიატორსაც და ხელისუფლებასაც, ხელისუფლების მხრიდან მკაფიო უარი ითქვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი არგუმენტით - თითქოს, აღნიშნული კომპანია, თავის დროზე, სვანეთში სეპარატიზმს აღვივებდა. ეს კომპანია გახლდათ ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია, რომელიც დამოუკიდებელი შემფასებელია და თან, ამ ყველაფერს თავისი ფულით აკეთებს. იმის გამო, რომ მისი რეპუტაცია არ დადგეს საფრთხის ქვეშ, თავისი ხარჯებით აფასებს ამა თუ იმ პროექტს, ამიტომ მისი სანდოობა დიდია. რადგან ხელისუფლებამ დაუსაბუთებელი არგუმენტით თქვა უარი ამ კომპანიის შემოყვანაზე, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ნამახვანჰესის პროექტის შეფასების ნაწილში ამ ხალხს არ უნდოდა პროცესის გამჭვირვალედ და სწორად წარმართვა. ამან განაპირობა, რომ მედიაციის პროცესი დავტოვეთ.

ჩვენი გამოსვლის შემდეგ იქ დარჩნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებოდნენ, რამდენად მოხდებოდა შეფასებების გაკეთება, იმიტომ, რომ ეს იყო პირველად შეთანხმების საგანი. არსებობდა შეთანხმება, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი, მედიატორი აუცილებლად გააკეთებდა შეფასებას პროექტთან დაკავშირებით. ეს გულისხმობდა როგორც გზშ-ის, ისე ხელშეკრულების ანალიზს.

საბოლოოდ, ენერგოგაერთიანებამ თქვა, რომ რადგან „ენკამ“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, ამ შეფასებებს აღარ გავაგრძელებთო, რაც ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს იმთავითვე იყო შეთანხმებაში ჩადებული“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შეფასება გაკეთებულიყო, რათა გარკვეულიყო, რამდენად სწორად აქვს „ენკას“ კვლევები ჩატარებული.

„ან, პირობითად, თუ არ ჰქონდა ჩატარებული, მნიშვნელოვანი იყო, ამ შეფასების როგორი სტანდარტი დაიდებოდა, იმიტომ, რომ ეს გავრცელდებოდა არა მარტო ნამახვანჰესზე, არამედ ყველა ენერგოობიექტზე, რომელიც ქვეყანაში უნდა აშენდეს, ანუ პრაქტიკულად ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებული სტანდარტი დაიდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი კაბალური და ანტისახელმწიფოებრივი გზით არ წასულიყო ეს პროცესი. ამ შეფასების არ გაკეთებით ახლა ისევ რისკის ქვეშ დგას ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მიუღებელი ამ ნაწილში, რომ არ გვაქვს კომპეტენტური შეფასება არც გზშ-ზე, არც ხელშეკრულებაზე და არც არაფერზე, რაზეც კითხვები ისმოდა. თავიდან იყო შეთანხმება, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ისევ გუმათში იმყოფებიან და დღეს მათი უწყვეტი პროტესტის 394-ე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, რიონის ხეობაში კომპანია „ენკას“ ტექნიკა რჩება.

„ბევრს აღარ ჰქონია, თუ პროტესტი მიმდინარეობს. ჩვენ აქაურობას ვერ ვტოვებთ, იმიტომ, რომ ნამოხვანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება - რა მოხდება, რა პროცესი განვითარდება - ჯერ არ არის სახეზე. აქ უნდა ვიყოთ, სანამ ეს პროცესი არ მივა ბოლომდე და არ გადაწყდება ისე, როგორც არის სწორი სამართლიანი და როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა.

უკვე 394-ე დღეა უწვეტ პროტესტში ვართ. არავინ არ აპირებს დანებებას და ამ პროცესის მიტოვებას, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოტივირებული ვხდებით, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ამ ბრძოლას შეუძლია გამოაფხიზლოს ჩვენი საზოგადოება, რეალურად დააფიქროს იმ პრობლემაზე, რომელიც ყველას დღის წესრიგში გვიდგას და რეალურად ვიბრძოლოთ პრობლემის გადაჭრისთვის. უნდა შემოვიკრიბოთ უფრო მეტი ადამიანი, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ბრძოლა არა თუ მთავრდება და გასულია ბოლოსკენ, არამედ ახლა იწყება. ყველამ კარგად ვიცით, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს არ გაჩერდება და არ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სახლში წავიდეთ და მშივიდად გავაგრძელოთ ცხოვრება“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რის მიზეზადაც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. 15 ნოემბერს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე ინვესტორის გასვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]