weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გავრცელებულ ფოტოზე მდინარის მიერ წამოღებული და დაგროვილი ნარჩენებია - თორნიკე გვაზავა

18:45 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტოზე, მდინარე ენგურის მიერ მოგროვილი ნარჩენებია ასახული. მისივე განმარტებით, ფოტო არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხე-ტყე უკანონოდაა მოპოვებული და სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ფოტო გადაღებულია წყალვარდნილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სპეციალურად მოწყობილი ბადეები ნარჩენებს აგროვებს და ტურბინებში მათ მოხვედრას ხელს უშლის.

“მანდ ჩანს რომ სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყეა? ძირითადად ადიდებული მდინარის დროს წამოღებული ნარჩენებია. ამ ადგილას ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში გროვდება. იქ კაშხალია და სპეციალური ბადეა გაკეთებული, რომ ნარჩენები ტურბინებში არ გადავიდეს.

რამდენიმე წლის წინ ამავე ადგილას მაქვს ნანახი მსგავსი ფოტო. რა თქმა უნდა, წყალდიდობამ გამოიწვია ის, რომ ამდენი დაგროვდა. როგორც წესი, ნაწილ-ნაწილ ხდება ამოღება და გასუფთავება. ჩვენთან შეთანხმებით მოსახლეობასაც მიაქვს ხოლმე, გათბობის მიზნით.

უკანონო ჭრები რომ არის, ამას ვადასტურებთ და ვებრძვით, რომ აღმოვფხვრათ. სვანეთში ლეგალური ჭრებიც არის, სადაც დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ეს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყეა თუ არა, მაგრამ მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს", - უთხრა თორნიკე გვაზავამ "რეგინფოს".

პირველმა არხმა დღეს ფოტო გაავრცელა, რომელიც ტელევიზიის ინფორმაციით, ბოლო წყალდიდობის დროს არის გადაღებული და ასახავს, როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე. პირველი არხის ცნობით, სავარაუდოდ, ხის მასალა უკანონოდ იყო მოჭრილი.

დღეს დილიდან სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სპეცრაზმია შესული. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენას ახდენდნენ. ხელშეშლის გამო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაიშსა და ჭუბერში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გაამწვავა. მოხდა დაპირისპირებაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]