weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახმეტაში ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

17:55 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობის აშენება იგეგმება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი დაცული ტერიტორიების სააგენტომ 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიზიტორთა შენობა ერთ ან ორსართულიანი იქნება. მასში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცე (მუზეუმი), საკონფერენციო ოთახი, ჰოლი, ტექნიკური ოთახი, დირექტორის ოთახი, დაცვის განყოფილების ოთახი, სამზარეულო, საწყობი და სანიტარული კვანძები.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 7 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში უნდა წარადგინოს. ინფრასტრუქტურული კომპლექსის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 300 000 (+10% დასაშვებია) ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 2003 წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს და ილტოს აღკვეთილს მოიცავს. 

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ის პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის - მდინარე ბაწარას ხეობაში, ზღვის დონიდან 700-2000 მეტრზე მდებარეობს. ნაკრძალში უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰექტრიანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბაბანეურის ნაკრძალი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების დაცვის მიზნით 1961 წელს დაარსდა. იგი ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვეს ზღვის დონიდან 380-1100 მეტრზეა.

ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღვის დონიდან 900-2000 მეტრზე მდებარეობს. აღკვეთილი აღმოსავლეთით ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება. მისი დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით. ილტოს აღკვეთილში ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების მოწყობაა შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]