weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართავენ

12:58 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017
ფოტო 7 ივნისის აქციიდან ფოტო 7 ივნისის აქციიდან

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგები და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურის შეწყვეტას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, რომელსაც საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს წარუდგენენ.

დემირელის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი. მას იმედი აქვს, რომ ლტოლვილთა სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს.

„წარდგენილი ბრალიდან ცხადია, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ჩვენ სრული უფლება გვაქვს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოვიპოვოთ. ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების კამპანია და როდესაც ყველა ხელმოწერას შევაგროვებთ, გავაცნობთ შესაბამის უწყებებს. ჩვენი მიზანია სამართლიანობის ხმა გავაგონოთ ყველას. ჩემი ქმარი უდანაშაულოა და იმედია, მის მიერ ჩადენილ სიკეთეს საქართველოც სიკეთით უპასუხებს“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ მიმართვას ხელს აწერენ დემირელის სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მშობლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

„საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გვაქვს თხოვნა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გამოგონილი ბრალდებებით დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი. ეს ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს. ყველა ერთსულოვანია ამ მოთხოვნაში“, - განაცხადა ნიკო ნიკოლაძის სახელობის კერძო ლიცეუმის წარმომადგენელმა ნოდარ ჭუმბურიძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ დაწყებული საექსტრადიციო პროცედურა დროებით შეჩერებულია, რადგან ლტოლვილთა სამინისტრო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ  25 მაისს შეუფარდა. ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს, პოლიციამ 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. თურქეთის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - „FETO“-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა. საია მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე.

საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ქსტრადიციის საკითხის განხილვისას, მის მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები შეისწავლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]