weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

16:28 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტმა „თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ დადგენილების პროექტი ჩააგდო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ინიციატივას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

„ნაციონალურ მოძრაობა“ აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მიმართ საზოგადოებას და დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც „დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება“. დადგენილების პროექტის ავტორების აზრით, საქმეში სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იკვეთება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილედა პირის ლიკვიდაცია“, – აღნიშნავდა „ნაციონალური მოძრაობა“ დადგენილების პროეტის განმარტებით ბარათში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, სწორედ საგამოძიებო კომისიამ უნდა უზრუნველყოს არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და საქმის სრულყოფილი გამოძება.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანეს. გარდა ამისა, იგივე მოთხოვნით პარლამენტში შევიდა პეტიციაც, რომელსაც 2000 ადამიანი აწერს ხელს. კომისიის შექმნის ინიციატივას უჭერს მხარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 2018 წლის ანგარიშში ლომჯარია აღნიშნავს, რომ გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა ის 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ ბრალი არ წაუყენებიათ.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 27 დეკემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დრომდე იცნობია. 2019 წლის 6 მაისს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]