weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სახალხო დამცველი მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვაზე განცხადებას ავრცელებს

18:03 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე 16 წლის მუშის გარდაცვალებას სახალხო დამცელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

16 ივლისს, არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„სამწუხაროდ, არსებული შემაშფოთებელი ვითარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება, ხოლო, მეორე მხრივ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები.

აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ - დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

სახალხო დამცველის შეფასებით, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომითი უფლებების დარღვევის დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია. ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში.

„მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება.

სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება, შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს ჯანდაცისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]