weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება

10:22 სამშაბათი, 21 ივლისი 2020 hits 551

ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მეორე სხდომა დღეს გაიმართება. მხარეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ამის შემდეგ მერიამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება მოითხოვა.

რაც შეეხება „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, მას გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ფონდის სააპელაციო მოთხოვნაა, სასამართლომ პირდაპირ დაავალოს მერიას მშენებლობის ნებართვის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა თებერვალში გაიმართა. მომჩივანის ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ 2016 წლის ივნისში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა დააფუძნა და დაიწყო თანხის შეგროვება ახალი მეჩეთისთვის მიწის შესაძენად. 2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობებით ბათუმში მიწა შეიძინა. ფონდმა ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის 8 თებერვალს მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება და ასევე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრა.

„იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა აშკარად ავლენს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა“, - აცხადებს EMC.

ბათუმში მხოლოდ ერთი მეჩეთია, რომელიც მორწმუნეებს ვერ იტევს და პარასკევის ლოცვის დროს მათ ქუჩაში უწევთ ლოცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]