weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოს მთავრობამ ბორის წიკლაური რუსეთისთვის გადასაცემად გაწირა

21:07 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020
ბორის წიკლაურის დედა ლამარა წიკლაური 30 სექტემბერს, სოფელ მატანში გამართულ აქციაზე / ფოტო © რეგინფო ბორის წიკლაურის დედა ლამარა წიკლაური 30 სექტემბერს, სოფელ მატანში გამართულ აქციაზე / ფოტო © რეგინფო

საქართველოს მოქალაქეს, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მცხოვრებ 42 წლის ბორის წიკლაურს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. იტალიის ქალაქ ბოლონიის სასამართლომ რუსეთისთვის მისი გადაცემის გადაწყვეტილება 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო. ბორის წიკლაური საექსტრადიციო პატიმრობაშია და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა 3 ოქტომბერს ეწურება.

იტალიელმა სამართალდამცავებმა ბორის წიკლაური 2019 წლის 16 სექტემბერს, თბილისიდან იტალიაში ჩაფრენისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას განუმარტეს, რომ ძებნილია რუსეთის მიერ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

„ძებნილი თუ იყო, ქართველმა მესაზღვრეებმა რატომ გაუშვეს თბილისის აეროპორტიდან, რატომ აქვე არ დააკავეს? თუ ძებნილი არ იყო, მაშინ იტალიაში ჩაფრენისთანავე როგორ დააკავეს? რუსეთი მხოლოდ იტალიას ხომ არ გაუგზავნიდა დაკავების მოთხოვნას? ჩემს შვილს მანამდე იტალიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია“, - ამბობს ბორის წიკლაურის დედა ლამარა წიკლაური, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და წლების განმავლობაში სტავროპოლის მხარეში ცხოვრობდა.

„ჩემს შვილს ედავებოდნენ 1999 წელს, რუსეთში მომხდარ მკვლელობას. ბორისი მაშინ იქ, ჩემთან ცხოვრობდა ბინადრობის უფლებით. ის რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა. რუსეთის სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ ბორისი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, ამ მუხლს კი მალევე ამნისტია შეეხო და ის გაათავისუფლეს. 2000 წლიდან ბორისი საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ცხოვრობს, სადაც სახლი გვაქვს. მოკლულის ახლობლები მას საქართველოშიც ეძებდნენ. ამიტომ, ჩემმა შვილმა სახელი შეიცვალა. მანამდე ის მორის ჯუგაშვილი იყო და ჩემს გვარზე გადმოვიდა, ბორის წიკლაურად დარეგისტრირდა. როგორც აღმოჩნდა, ბორისის გათავისუფლების შემდეგ რუსეთში საქმე თავიდან აღუძრავთ. ჩვენ ეს გვიან გავიგეთ. რუსეთში ჩემს საცხოვრებელ მისამართზეც კი არავითარი შეტყობინება არ გამოუგზავნიათ. ერთადერთხელ იყო შემთხვევა 2015 წელს, როცა საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში მაცილებდა მანქანით, მაშინ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა გააჩერეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ამ პერიოდში ბორისი კაზახისტანშიც იმყოფებოდა, არც იქ დაუკავებიათ.

2019 წლის სექტემბერში ის იტალიაში წავიდა სამუშაოდ და ჩაფრენისთანავე დააკავეს. აქ, თბილისში რომ დაეკავებინათ, რუსეთს მაინც ვერ გადასცემდნენ. მოკლავენ იქ ჩემს შვილს, როგორც სხვა ახალგაზრდებს კლავენ“, - უთხრა „რეგინფოს“ ლამარა წიკლაურმა.

იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო და იუსტიციის სამინისტროებს, ბორის წიკლაურისთვის დახმარების გასაწევად, ოჯახის ახლობელმა ნათია მექუდიშვილმა მიმართა.

„საელჩოში გვეუბნებოდნენ, რომ ჩართულები იყვნენ საქმეში, ჩვენ ციხესთან კონტაქტი არ გვქონდა, ვიდრე ბორისმა პირადად არ შეძლო დაკავშირება და გვითხრა, რომ საელჩოდან მას არავინ შეხმიანებია. იტალიაში სამართალწარმოების დროს ვერაფრით დადასტურდა, რომ ბორისი საქართველოს მოქალაქეა. სასამართლოს დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე. ჩვენმა ადვოკატმა ეს დოკუმენტი გამოითხოვა და თქვა, რომ გაყალბებული იყო, რადგან ბორისს მხოლოდ ბინადრობის უფლება ჰქონდა რუსეთში წლების წინ, რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა. ჩვენ გვჭირდებოდა, რომ საქართველოს შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ ბორის წიკლაური მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, რაზეც უარი გვითხრეს, ასეთი ბაზა არ გვაქვსო. საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბორის წიკლაურს ბოლოს 2019 წლის აგვისტოში აქვს აღებული და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ არსად არაფერია ნათქვამი“, - აღნიშნავს ნათია მექუდიშვილი.

იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ბორის წიკლაური მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოინახულეს, მას შემდეგ, რაც მისი საქმის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. ოჯახის წევრები საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა. ბორის წიკლაურის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო არ დააკავეს ის თბილისის აეროპორტში, რადგან რუსეთს ვერ გადასცემდნენ.

რატომ არ დააკავა საქართველოს პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ბორის წიკლაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიდრე ის იტალიაში გაფრინდებოდა? ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ველოდებით.

„რაც შეეხება წიკლაურის საკითხს, ეს არის საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადიცია მესამე ქვეყნიდან - იტალიიდან. საქართველოს არ აქვს არავითარი სამართლებრივი ბერკეტი ამ პროცესზე - იტალიიდან საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადიციაზე გავლენის მოსახდენად“, - განუმარტეს „რეგინფოს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩო ვალდებულია ბორის წიკლაურს დახმარება გაუწიოს, მათ შორის ადვოკატის მომსახურების კუთხით. ერთადერთი გზა რუსეთში ექსტრადიციისგან თავის დასაღწევად ის არის, ბორის წიკლაურმა სააპელაციო სასამართლო დაარწმუნოს, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას არაადამიანური მოპყრობა ან წამება ემუქრება.

 

მსგავს თემაზე:

„ფარული ექსტრადირების“ პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

სკანდალური ფაქტები ბესლან ლორსანოვის საქმიდან - წულუკიანმა ექსტრადირებას ხელი მოაწერა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]