weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლომჯარია შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები გამოავლინონ

10:45 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, 5 და 6 ივლისის განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორთა ქმედებების გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ორგანიზებისთვის.

„უფრო მეტიც, ძალადობისთვის ცალკეული პირების დაკავების შესახებ ცნობების გარდა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო განვითარებულ მოვლენებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე. განცხადებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას.

„5-6 ივლისის მოვლენებს წინ კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები უსწრებდა. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5-6 ივლისსაც, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება.

5-6 ივლისს ვადევნებდით თვალს, თუ როგორ კოორდინირებულად გადაადგილდებოდნენ ძალადობრივი ჯგუფები, იცოდნენ პირთა სხვადასხვა ლოკაციის შესახებ, ასევე სხვადასხვა ჩანაწერში ისმოდა ორგანიზატორთა მოწოდებები, რომ მათ შეეძლოთ მოძალადე ჯგუფების გაკონტროლება (შეჩერება ან გარკვეული მიმართულებით დაძვრა).

ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს, რომ სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები.

შესაბამისად, გამოძიება სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას, უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულად, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი მოახდინონ საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც სწორედ 5-6 ივლისის ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირი ალექსანდრე ლაშქარავას სხეულის დაზიანებებს, ფსიქოლოგიურ-ემოციურ სტრესსა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე აფხაზავა, რომელსაც ფიზიკურად მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 30-მდე ადამიანი გაუსწორდა, 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. სამინისტრო აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]