weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

დაშგინ აღალარლი – არსებობს საფრთხე, რომ თბილისიდან მეც გამიტაცონ

16:28 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 hits 1356

აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრი დაშგინ აღალარლი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო თავს საქართველოს აფარებს, ამბობს, რომ არსებობს საფრთხე თბილისიდან აზერბაიჯანში ისიც გაიტაცონ.

2013 წელს დაშგინ აღალარლის, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში.

დაშგინ აღალარლი საქართველოში 2014 წელს თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. შემოსვლისას დააკავეს როგორც ინტერპოლით ძებნილი. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამართლებრივი დახმარებით, ის პატიმრობიდან გირაოთი გაანთავისუფლეს.

2014 წლის მარტში დაშგინ აღალარლიმ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა. 

მისი ადვოკატისეკა ქობესაშვილის თქმით, საქმის განხილვა სამინისტროში ვადების დარღვევით გაგრძელდა. 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მამა-შვილ აღალარლების თხოვნა არ დაკმაყოფილა.

სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გასაიდუმლოებული დასკვნა დაასახელა. ამავდროულად, სამინისტროს გადაწყვეტილებაშივეა აღნიშნული, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში დაშგინ აღალარლი შეიძლება კვლავ პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა და სამინისტროს დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება დაავალა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ დაშგინ აღალარლის მიმართ გამძაფრდა დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადვოკატი იხსენებს, რომ 2016 წლის 6 სექტემბერს, მის კლიენტს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ორი სხვადასხვა, გაურკვეველი პიროვნება და მოსთხოვეს თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა და გასაუბრება.

„ერთ შემთხვევაში პირმა მას უთხრა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. ამ ფაქტზე ორივე უწყებამ უარყო მათი სახელით დაშგინ აღალარლისთან დაკავშირება, მაგრამ ვინ დაუკავშირდა მას, ამ საკითხზე დღემდე არცერთი უწყება არ დაინტერესებულა. ამ ინციდენტის შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, კვლავ კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, გააუქმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თავისი გადაწყვეტილებით დაშგინ აღალარლის უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნავს ეკა ქობესაშვილი.

აზერბაიჯანელი აქტივისტს ადვოკატს თამარ ავალიანს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, დაშგინ და ორხან აღალარლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„ამასთან, მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება 2016 წლის 6 სექტემბერს დაშგინ აღალარლის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, სავარაუდოდ, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან დაკავშირების შესახებ, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ცდილობდა დაშგინ აღალარლიზე ზეწოლას. შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უნდა უზრუნველყონ დაშგინ და ორხან აღალარლებისთვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა“, – ამბობს თამარ ავალიანი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუთხარლის დანაშაულებრივად მოტაცებისა და ბაქოში გადაყვანის შემდეგ საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ აქტივისტებს გაუძლიერდათ დაუცველობის გრძნობა, რაც ზოგჯერ გამოწვეულია არაიდენტიფიცირებული ადამიანების, სავარაუდოდ - საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო თვალთვალისა და დევნის ფაქტებით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან, პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია. მუხთარლის თქმით, ის ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და ზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, სადაც მას საფრთხე ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]