weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რეპერი გიორგი ქებურია 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

16:48 ორშაბათი, 12 ივნისი 2017
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია

ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიას წევრი გიორგი ქებურია (Kay G) სასამართლო დარბაზიდან 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წინასწარი პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

გიორგი ქებურია აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მისი დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცავები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს.

დღესვე 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს „ბირჟა მაფიის“ კიდევ ერთი წევრი მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic).

მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ივნისს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქებურია დანაშაულს აღიარებდა.

მათ წინასწარი პატიმრობა პროკურატურის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. 

სასამართლოზე მიშკა მგალობლიშვილი აცხადებდა, რომ ის იმ მუსიკალური ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა.

მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გათავისუფლების, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და პოლიციის რეფორმის გატარების მოთხოვნით თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ, რეპერების დაკავებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურნენ. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია და ლიბერალიზაციას საჭიროებს. კალაძემ კი განაცხადა, რომ თუ პოლიციელს ამ კონკრეტულ შემთხვევაში „გადაცდომა მოუვიდა“, ადეკვატურად დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]