weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება დავით-გარეჯთან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

11:32 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 4 ივნისს, საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს ელოდება. უწყების პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის დარღვევას „კეშიკჩიდაგის“ (დავით გარეჯი) კულტურულ-ისტორიული ნაკრძალის ტერიტორიაზე აპირებენ.

აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება აცხადებს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინეს საქართველოს სასაზღვრო სამსახურს. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფო საზღვართან ნებისმიერი პროვოკაცია, დაუყოვნებლივ აღიკვეთება, ხოლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პროვოკაციის ორგანიზატორებს.

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გარეჯობის დღესასწაული აღინიშნება.

დავით გარეჯის ტერიტორიაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დღემდე შეთანხმებული და დადგენილი არ არის. 2019 წლის მაისიდან ამ საკითხზე მუშაობა განაახლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ. კომისიის მუშაობის კონკრეტული შედეგების თაობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეწვია. როგორც მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, „სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს“.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით ჩაკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი და ტურისტებსა და სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. მაისის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]