weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პროკურატურამ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე კიდევ 2 პირს წარუდგინა ბრალი

16:04 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე, 8 წლის შემდეგ, ბრალი კიდევ ორ პირს წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორივეს ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დამამცირებელი მოპყრობა ედება. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.გ.-მ და ე.დ.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულებმა, ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. ბრალდებულები, ხანუმ ჯეირანოვას, სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო.

„ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მან 2014 წლის 18 სექტემბერს თავი მოიკლა. 

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ასევე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება კიდევ სამი პირი, რომელთაც ამავე საქმეზე ბრალი 27 აპრილს წარუდგინეს. პროკურატურა მათ ხანუმ ჯეირანოვას ჯგუფურად გატაცებას და დამამცირებელ მოპყრობას ედავება.

თვითმკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი თვითმხილველების ნაამბობზე და მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერდა, რომ 16 სექტემბერს, მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ ქალმა გონება რამდენჯერმე დაკარგა. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ ძალადობის მსხვერპლმა თავი მოიკლა. ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილის ქმარმა აჯი გასანოვმა მის ცოლზე ერთ-ერთი მოძალადე პირი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 2014 წლის დეკემბერში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

2015 წელს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული. წულუკიანის პირობის მიუხედავად, საქმე მაინც არ გამოიძიეს.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა საჩივრით გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს მიმართა. 2021 წლის ბოლოს კომიტეტმა დარღვევა დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

 

ამ თემაზე:

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ხანუმ ჯეირანოვა ვერ დაიცვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]