weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდნენ - გერმანიის ელჩი

23:55 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გაკვირვებულია იმ კომენტარებით, რომლებიც საქართველოში მისი მისამართით გაკეთდა.

„როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

26 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ „მთავარი არხის“ მეწლის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის, ხელისუფელბასა და ოპოზიცას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.

ამის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს, განაცხადა, რომ ელჩს თანაუგრძნობს.

„არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს… ჩვენს პარტიას ბოდიში მოუხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო. ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას, რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. ახლა რაღაცნაირად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან.

გერმანიის ელჩს გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ ჰუბერტ ქრინში „ივანიშვილის რეჟიმისაგან ფინანსდება“. ნათელაშვილმა გერმანიის მთავრობას ელჩის გაწვევის მოთხოვნითაც მიმართა.

მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ამ განცხადებების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ ელჩს ბოდიში მოუხადა. 

გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის დასაცავად ელჩის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ. როგორც ქნირშმა თქვა, შეშფოთებულია იმ ბრალდებებით, რომლებიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენის მოწინააღმდეგე 52-მა ორგანიზაციამ გააჟღერა

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის შეტევებს ადგილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამწუხაროდ პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა საკითხებსა და პროცესებთან დაკავშირებით ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშის ამ განცხადებას 45 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათი თქმით, გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, „როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს“. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მათი განცხადება არა სოფიო კილაძეზე პერსონალური თავდასხმა, არამედ გაეროს კომიტეტში კილაძის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილების შეფასებაა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]