weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უნამუსო ტყუილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ძიებას ძალისხმევა დააკლეს – ვოლსკი

16:19 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

„სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის შეკითხვაზე - რატომ დასჭირდა პოლიციას ხუთი დღე 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საპოვნელად.

გარდა ამისა, გია ვოლსკიმ უპასუხა ოპოზიციის ბრალდებას, რომ ბოლოდროინდელმა საქმეებმა თვალსაჩინო გახდა ქვეყნაში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება.

„ოპოზიციის ამ განცხადებების მიზანი არის ის, რომ სადისტური მმართველობა თითქოსდა არის კრიმინოგენული ვითარების ერთადერთი წამალი. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს. ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასოდეს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით. დღეს, როცა დანაშაული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიულ სამყაროში, იმაზე საუბარი არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს, ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ სადიზმი დააკლეს მმართველობას. ეს არის უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცხედარი იპოვა მწყემსმა და არა პოლიციამ.

პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

„აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. ხუთი დღეა ვეხვეწები, ხალხო, ბავშვი დავკარგე, ნახეთ. ვითომ გადიან მოსაძებნად და ძღებიან, სადღაც სვამენ. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც თქვეს ვიყავითო, მივედი და სოფელში მითხრეს, პოლიცია დღეს აქ არ ყოფილაო. აქედან ეჭვი დამებადა უკვე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მას შემდეგ, რაც ცხედრის პოვნის შესახებ შეიტყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილით, ფონიჭალიდან, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა. დედის თქმით, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თამარს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტი“ კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში შესვლის დროს დააფიქსირეს. ოჯახისთვის გაუგებარი იყო, რატომ წავიდა თამარი ამ მიმართულებით, რადგან ხაიშში არც ნათესავები ჰყავთ და არც მეგობრები.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. ოპერაციაში დრონებიც იყვნენ ჩართული.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეზობლებმა ფონიჭალაში მთავარი საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები დღეს თეთრიწყაროში წავლას და დაკარგულის საკუთარი ძალებით მოძებნას აპირებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვალების მიზეზი. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მისი შვილის პროფესიულ საქმიანობასთან. განიხილება ახალგაზრდა ქალის გატაცების ვერსიაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]