weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სახელმწიფოს კრიმინალის მართვა ხელიდან აქვს გაქცეული – „ევროპული საქართველო“

13:44 კვირა, 09 აგვისტო 2020

პარტია „ევროპული საქართველოახალქალაქში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას კრიმინალის მართვა ხელიდან აქვს გაქცეული.

„ახალქალაქის სურათი არის გაგრძელბა იმ ვითარების, რომელიც საქართველოში გვაქვს, როდესაც სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა, როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები და მმართველები“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და სახელმწიფოს მართვა კრიმინალური სამყაროს საშუალებით ხდება.

„როდესაც სახლმწიფო დაკონტრაქტებულია კრიმინალთან, როდესაც შავ სამყაროს იყენებ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიშის გასასწორებლად, იყენებ იმისთვის, რომ ხმები მიიღო შავი სამყაროს საშუალებით არჩევნებში, შემდეგ გვაქვს ის ვითარება, რომელიც გვაქვს – ათეულობით ადამიანი ქალაქის ცენტრში გამოდის, ერთმანეთს ანგარიშს უსწორებს და სახელმწიფოს არაფრის გაკეთება შეუძლია“, – აღნიშნა ნადირაშვილმა.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, ქვეყანაში ძალადობა ხელისუფლების მიერ წახალისებულია, რის მაგალითადაც „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის დაუსჯელობას ასახელებენ. 26 მარტს, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის დროს, მკოიანი დღისით, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც. 

„როდესაც პარლამენტის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადოების წინაშე, შემდეგ მას არ უჩერებენ უფლებამოსილებას, ის არ მიდის ციხეში - ეს არის ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება არის შედეგი სწორედ ამ ძალადობრივი ქმედებებისა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი გამოსავალი „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის“ დასრულებაა.

გუშინ, 8 აგვისტოს, ახალქალაქში მასობრივი არეულობა და რბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურ პარკში მომხდარი ჩხუბის შედეგად სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გულის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის თანასოფლელებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, იმ სასტუმროებისა და სახლების დარბევა დაიწყო, რომლებიც სავარაუდო მკვლელს და მის მეგობრებს ეკუთვნით. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მის სახლს ბენზნი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მისივე თქმით, მომხდარს პოლიცია თვალს ადევნებდა, თუმცა ვერაფერს გახდა.

საერთო ჯამში, ახალქალაქში ოთხი საცხოვრებელი სახლი და ერთი სასტუმრო –„არტსეგი“ დაარბიეს და გადაწვეს. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ცენტრალურ პარკთან მომხდარი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი დააკავეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე კი გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]