weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

14:10 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო, გალის რაიონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.

აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ირაკლი ბებუა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დაკითხვის დროს არის გადაღებული, ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, თუმცა ეს არ იყო ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს ხელყუმბარა, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა. დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის უკანონო შენახვას.

ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ საქართველოს მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს, მისი გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი გამოეყენებინა.  ხელისუფლებისადმი მიმართვაში ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია და ქრონიკული დაავადებები აქვს. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ აფხაზეთის ციხეებში პატიმრები ბაზისურ უფლებებს არიან მოკლებული, ხოლო იქ არსებული არასათანადო საცხოვრებელი პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]