weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ირაკლი ბებუას საქმეზე გადაწყვეტილება არ გადაიხედება – დაურ კოვე

09:55 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ირაკლი ბებუასთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება და გადაწყვეტილებასაც არავინ გადახედავს.

დაურ კოვემ ეს კომენტარი „ეხო კავკაზა-სთან“ გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებები 51-ე რაუნდის დაწყებამდე. მოლაპარაკებები დღეს და ხვალ, 10-11 დეკემბერს გაიმართება და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქართველოს დელეგაცია დააყენებს ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს და მის გათავისუფლებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს.

„რაც შეეხება ბებუას საქმეს, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ სახელმწიფო დროშის დაწვასთან... ამ სისხლის სამართლის საქმეში კიდევ რამდენიმე ელემენტია. გაიმართა სასამართლო, როგორც ცნობილია, და ამ სასამართლომ გამოიტანა გადაწვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანს მიესაჯა 9 წელი. შესაბამისად, ყველაფერი მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში:

ადამიანმა ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მიიღო შესაბამისი სასჯელი. მოცემული საკითხი აბსოლუტურად არ ექვემდებარება არანაირ განხილვას და გადაწყვეტილებას არავინ გადახედავს“, – განაცხადა დაურ კოვემ.

დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, გალის რაიონში მცხოვრებ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 დეკემბერს მიუსაჯა. ბებუა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს ხელყუმბარა, რომელსაც ბებუა თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა. დე ფაქტო ხელისუფლება ბებუას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის უკანონო შენახვას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის შეფარდება ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებასა და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]