weather cur horoscope tv
სექტემბერი 27, 2022

ციხის წარმომადგენელმა გამომიცხადა „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“ – სააკაშვილი

10:21 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. როგორც სააკაშვილი ამბობს, უთხრეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მიჰყავდათ.

„გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა, „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ პირველ წერილში.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს მისი მანქანიდან გადათრევა.

„მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში.

მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე.

ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ის უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და მხოლოდ პირად ექიმთან შეხვედრა სურს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, უწყების განცხადებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]