weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რისკები უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს – კობახიძე

15:34 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მთავრობის ინიციატივით შექმნილ ექიმების კონსილიუმსაც არ უშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]